თებერვლის შემდეგ რუსმა მილიარდერებმა 93 მლრდ დოლარი დაკარგეს

თებერვლის ბოლოდან რუსმა მილიარდერებმა 93 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის ნახევარი (46,6 მილიარდი დოლარი) მათ დაკარგეს 24 თებერვალს, ხოლო დანარჩენი (47 მილიარდი დოლარი) მომდევნო თვეებში, წერს Bloomberg-ი საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით.

შემცირდა სხვა ქვეყნების მილიარდერების ქონებაც. პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიიდან მხოლოდ პირველმა 500-მა ბიზნესმენმა დაკარგა თითქმის 1,4 ტრილიონი დოლარი წელიწადში. აქედან მხოლოდ ილონ მასკის, ჯეფ ბეზოსის, Changpeng Zhao-სა და მარკ ცუკერბერგის - დაახლოებით 392 მილიარდი დოლარის ზარალია.

Bloomberg-მა ეს დინამიკა ინფლაციის ზრდას და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის გამკაცრებას მიაწერა, ასევე ომს უკრაინაში და შემდგომ სანქციებს. მასკის ქონებაზე ასევე იმოქმედა საკუთარმა ხრიკებმა Twitter-ის შეძენასა და მართვასთან დაკავშირებით, მისი აქტივები წელიწადში 138 მილიარდი დოლარით შემცირდა. დეკემბრის დასაწყისში, Forbes-ის ცნობით, მასკმა პირველობა ბერნარ არნოს დაუთმო.

რუსეთის ხელისუფლება დასავლეთის სანქციებს აკრიტიკებს და ბიზნესმენების წინააღმდეგ შემაკავებელ ზომებს საერთაშორისო ყაჩაღობას უწოდებს.

„მსოფლიოს არცერთ მხარეში სანქციებს არ მოჰყოლია შედეგი, რომ ქვეყნებმა, რომელთა წინააღმდეგაც ისინი შემოიღეს, შეცვალეს თავისი პოზიცია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა,

თებერვლიდან 20 უმდიდრესი უკრაინელი მილიარდერის ქონებაც შემცირდა - 40 მილიარდ დოლარზე მეტიდან 22,5 მილიარდ დოლარამდე, ამ დასკვნამდე მივიდა Forbes-ის უკრაინული გამოცემა. ყველაზე მდიდარ უკრაინელად Metinvest-ისა და DTEK-ის მფლობელი რინატ ახმეტოვი დარჩა, მაგრამ მისი აქტივების ღირებულება 13,7 მილიარდი დოლარიდან 4,4 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დატოვა მილიარდერების სია, მისი ქონება 1,6 მილიარდი დოლარიდან 730 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

ეკა დარჩიაშვილი