გიორგი ქადაგიძე: თუ ბიზნესმა იცის პრობლემის არსი, მაშინ მისი გადაწყვეტილება იქნება სწორი

თუ ბიზნესმა იცის, რა არის პრობლემის არსი და სად არის გამოსავალი, მაშინ მისი გადაწყვეტილება იქნება სწორი და მომგებიანი.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ქადაგიძემ დღევანდელ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა. "სწორი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გქონდეს სწორი მოლოდინები და გესმოდეს, რა არის პრობლემის არსი. თუ ბიზნესმა იცის, რა არის პრობლემის არსი და სად არის გამოსავალი, მაშინ მისი გადაწყვეტილება იქნება სწორი, მომგებიანი. ამ კუთხით ასეთ შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ხდება ზუსტად გააზრება ამა თუ იმ მოვლენების ეკონომიკურ ჭრილში. ამ კუთხით დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი იყო", - აღნიშნა ქადაგიძემ.

როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრმა, "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ ვითარდება ბოლო პერიოდში საქართველოში ეკონომიკა და ასევე ისაუბრეს ლარის გაცვლით კურსზე. "აღინიშნა, რომ მარტში მეტნაკლებად უკვე დაბალანსებულია ის მერყეობები, რაც აქამდე დავინახეთ წინა რამდენიმე თვის განმავლობაში. თუმცა, ეს არ გვაძლევს უფლებას, ვთქვათ, რომ პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ 6 თვის განმავლობაში რა გაკეთდება ქვეყანაში. აქ გარკვეულწილად დადებით ფაქტორს შეასრულებს ტურისტული სეზონი და ყველა ის ქმედება, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად გაკეთდება, რათა დაბალანსდეს უცხოური ვალუტის გადინება-შემოდინება", - აღნიშნა არველაძემ.

მისივე თქმით, ამ კუთხით ყველაზე რეალისტური იქნება პრივატიზაცია, რის შესახებაც მთავრობამ უკვე განაცხადა და ასევე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა როგორც დონორებიდან ასევე ნებისმიერი სხვა წყაროსგან. ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე.