საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ მსოფლიო ბანკის "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ხელმძღვანელთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი თემა აღნიშნული პროექტის საწყის ეტაპზე გათვალისწინებული საქმიანობები და სამოქმედო გეგმა იყო. მხარეებმა მიწის ნაკვეთზე უფლებათა რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონპროექტი, მიწის რეგისტრაციის საპილოტე პროექტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტს ახორციელებს. პროექტი ორ კომპონენტს მოიცავს: საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციას (სოფლის მეურნეობის სამინისტრო) და მიწის ბაზრის განვითარებას, რომლის განმახორციელებელიც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკადასტრო და პირველადი სარეგისტრაციო სამუშაოები 12 სოფელში შესრულდება. სულ კი 48 000 ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია მოხდება.

"უშუალოდ ამ პროცედურის წინა მოსამზადებელი სამუშაოები ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიკაციას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას, არსებული პრობლემების ანალიზს, საკადასტრო აზომვით სამუშაოებს და ა.შ. გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ პროექტი მიწის მესაკუთრეობასთან მიმართებაში ქალთა უფლებების შეზღუდვის დარეგულირებასა და გენდერული თანასწორობის პრინციპების პოპულარიზაციასაც ითვალისწინებს", - აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს განცხადებით, განხორციელებული სამუშაოების ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მეთოდოლოგია, რომელიც სააგენტოს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების პირველადი რეგისტრაციის დასრულებაში, სარეგისტრაციო და საკადასტრო ბაზის სრულყოფაში დაეხმარება. სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასტრო მონაცემთა ბაზა კი ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ასევე უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებასა და ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას. "აშშ-ში გამართული სამუშაო შეხვედრებისას დაკომპლექტდა პროექტის განმახორციელებელი რგოლი, შეთანხმდა და დამტკიცდა ტექნიკური დავალებები, განიხილულ იქნა პროექტის შედეგების შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის შექმნა, ტრენინგები და ის მასტერ კლასი, რომელიც ვირჯინიის შტატის სარეგისტრაციო და საკადასტრო სამსახურში, მიწის ადმინისტრირებისა და ელექტრონული სისტემების გაცნობის მიზნითაა დაგეგმილი", - ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.