თურქული ექსპორტის თითქმის 1% საქართველოზე მოდის - რას ვყიდულობთ ყველაზე დიდი რაოდენობით

2022 წლის 11 თვეში საქართველომ თურქეთისგან 2,143 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა. თუ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებას დავეყრდნობით, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს ქვეყნის ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 254 მლრდ დოლარი შეადგინა, გამოდის, რომ აქედან 0,85% საქართველოზე მოდიოდა. მას შემდეგ კი, რაც საქართველოს იმპორტის სრული წლის მონაცემები დაიდება, შესაძლოა, ამ მაჩვენებელმა 1%-საც გადააჭარბოს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში განხორციელებული იმპორტის მოცულობამ 11,981 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 18% სწორედ თურქეთზე მოდიოდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც გასული წლის იანვარ-ნოემბერში ყველაზე დიდი მოცულობით შევიძინეთ თურქეთისგან.

ტოპ-10 საქონელი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 97,659 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 65,116 მლნ აშშ დოლარი
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 48,611 მლნ აშშ დოლარი
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 43,738 მლნ აშშ დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 41,180 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 39,769 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 39,303 მლნ აშშ დოლარი
  • ფილები მერქან-ბურბუშელისა - 37,524 მლნ აშშ დოლარი
  • წნელები და პროფილები ალუმინისა - 32,892 მლნ აშშ დოლარი
  • მავთულები იზოლირებული, კაბელები - 28,985 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური