ნიდერლანდებმა მსოფლიოში პირველად ავტობუსის გაჩერებებზე თევზის რეკლამა აკრძალა

ნიდერლანდების პროვინცია ჩრდილოჰოლანდიაში, რომელიც ამსტერდამსაც მოიცავს, ავტობუსის 500-ზე მეტ გაჩერებაზე თევზის, ხორცისა და წიაღისეული საწვავის რეკლამა აიკრძალა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AD.nl ავრცელებს.

პროვინციის მთავრობა ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ ავტობუსის გაჩერებების ოპერატორ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც საშუალებას იძლევა, გაჩერებებზე რეკლამა ისე აიკრძალოს, რომ ამან პროვინცია ფინანსურად არ დააზარალოს. ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, რომ სწორედ მოქმედ კონტრაქტს დაამატა ახალი მოთხოვნა თევზის, ხორცისა და წიაღისეული საწვავის რეკლამის აკრძალვაზე.

კონტრაქტი წლის ბოლომდე იქნება ძალაში, თუმცა პროვინციის მთავრობა ხორცის, თევზის ან წიაღისეული პროდუქტების რეკლამირებას ამის შემდეგაც აკრძალავს. ეს იქნება მთავარი პირობა მომდევნო კონტრაქტისთვის, რომელზეც ტენდერი წელს გამოცხადდება.

ხორცის რეკლამის აკრძალვის პრეცედენტი ქვეყანაში არსებობს, რასაც ჰარლემისა და ნეიმეგენის მუნიციპალიტეტებმა მანამდე მიმართეს, თუმცა, საინიციატივო ჯგუფ Advertising Fossil Free-ის ცნობით, თევზის რეკლამის აკრძალვის მაგალითი მსოფლიოში ჯერ არ არის ცნობილი.

Advertising Fossil Free წიაღისეული რესურსების რეკლამის ეროვნულ დონეზე აკრძალვის მომხრეა, რაც, ასევე, სატელევიზიო და სოციალური მედიის რეკლამებს შეეხება. საინიციატივო ჯგუფი პარალელს ავლებს თამბაქოს რეკლამასთან, რომელიც ქვეყანაში ოცი წელია, აკრძალულია.

ორი წლის წინ ამსტერდამი პირველი მუნიციპალიტეტი გახდა, რომელმაც მეტროსადგურებზე წიაღისეული საწვავის საჭირო პროდუქტების, მაგალითად, ბენზინის ავტომობილებისა თუ თვითმფრინავის ბილეთების რეკლამირება აკრძალა.

გასული წლის აგვისტოში საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც წიაღისეული საწვავის რეკლამა აკრძალა. ასეთი პირობა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა გაზაფხულზე, საარჩევნო კამპანიის დროს დადო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ