2022 წლის უმსხვილესი ბიზნეს-გარიგებები - WSJ-ის Top-10

2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიების შერწყმა-შთანთქვის (Mergers and Acquisitions-M&A) ბაზარზე გამოცხადებული გარიგებების მოცულობა 34%-ით შემცირდა და 2,81 ტრლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წელი M&A-ს გლობალური ბაზრისთვის რეკორდული 5,7 ტრლნ დოლარით დასრულდა. ამის შესახებ Refinitiv-ის მონაცემებში წერია.

ასეთი ვარდნა 2009 წლის შემდეგ ჯერ არ დაფიქსირებულა. მაშინ M&A-ს ბაზარი გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე 42%-ით დაეცა.

ვითარება არც 2022 წლის მეორე ნახევარში გაუმჯობესებულა. The Wall Street Journal-ის (WSJ) მონაცემებით, 2022 წელს გამოცხადებული შერწყმა-შთანთქვის მოცულობა 35%-ით, 3,55 ტრლნ დოლარამდე შემცირდა. M&A-ს გლობალური ბაზარზე, 2021 წლის მსგავსად, ყველაზე აქტიური მაღალტექნოლოგიური სექტორი იყო, რომლის გარიგებების მოცულობამ 894 მლრდ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ჯანდაცვა - 326 მლრდ დოლარით, შემდეგ ფინანსები - 284 მლრდ დოლარით და ბოლოს, უძრავი ქონება - 282 მლრდ დოლარით.

WSJ-ის მიხედვით, ყველაზე დიდი გარიგებების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • Microsoft კომპიუტერული თამაშების დეველოპერ Activision Blizzard-ს ყიდულობს - გარიგების თანხა 68,7 მლრდ დოლარი
  • ჩიპების ამერიკული მწარმოებლის, Broadcom-ის მიერ ღრუბლოვანი გამოთვლების ლიდერი დეველოპერის, VMWare-ს შესყიდვა - 61 მლრდ დოლარი
  • ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენა - 44 მლრდ დოლარი
  • უმსხვილესმა ინდურმა ბანკმა, HDFC-მა თავისი აქციონერის, Housing Development Finance Corp-ის შესყიდვა გამოაცხადა - 40 მლრდ დოლარი
  • ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია, Amgen წამლების მწარმოებელ Horizon Therapeutics-ს ყიდულობს - 27,8 მლრდ დოლარი
  • მსოფლიოში საწყობების უმსხვილესი ოპერატორი, ProLogis იმავე სექტორის ოპერატორ Duke Realty-ს ყიდულობს - 26 მლრდ დოლარი
  • საინვესტიციო Blackstone ნიდერლანდურ ლოგისტიკურ კომპანია Mileway-ს თავისივე ინვესტორებზე ყიდის, რომელიც საწყობებსა და „ბნელ სამზარეულებს“ (dark kitchen) ამუშავებს - 23,81 მლრდ დოლარი
  • საცალო ამერიკული მოვაჭრე Kroger, რომელიც Walmart-ის შემდეგ მეორეა, რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფ სუპერმარკეტების ქსელ Albertsons-ს ყიდულობს - 24,77 მლრდ დოლარი
  • პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, Adobe 2012 წელს შექმნილ სტარტაპ Figma-ს ყიდულობს, რომელიც რეალური დროის რეჟიმის დიზაინს ღრუბლოვანი პროგრამებით უზრუნველყოფს - 20 მლრდ დოლარი
  • ჯანდაცვის პროდუქტების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი, Johnson & Johnson (J&J) სამედიცინო იმპლანტების მწარმოებელ Abiomed-ს ყიდულობს - 18,99 მლრდ დოლარი

მოამზადა ლადო სულაბერიძემ