2022 წელს პროდუქტებზე მსოფლიო ფასები 14,3%-ით გაიზარდა - FAO

2022 წელს პროდუქტებზე მსოფლიო ფასები 14,3%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშში.

დეკემბერში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 132.4 პუნქტს შეადგენდა, რაც ნოემბრთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ინდექსი უკვე ცხრა თვეა კლებულობს. 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 1%-ით ნაკლები იყო.

„დეკემბერში ინდექსის კლება ნოემბერთან შედარებით განპირობებული იყო მცენარეულ ზეთზე მსოფლიო ფასების მკვეთრი ვარდნით, მარცვლეულსა და ხორცზე ფასების კლებასთან ერთად. თუმცა ეს პროცესები ნაწილობრივ აანაზღაურა შაქარსა და რძის პროდუქტებზე ფასების ზომიერმა ზრდამ“, - ნათქვამია FAO-ს მიმოხილვაში.

მარცვლეულის ფასების ინდექსი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 1,9%-ით შემცირდა, თუმცა 4,8%-ით მეტი იყო 2021 წლის დეკემბერთან შედარებით. 2022 წლის ბოლოს მარცვლეულის ფასების ინდექსმა მიაღწია ახალ რეკორდს (154,7 პუნქტი), რაც 17,9%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. 2022 წელს სიმინდისა და ხორბლის მსოფლიო ფასებმა ახალ რეკორდულ დონეს მიაღწია და 2021 წლის საშუალო ფასებზე, შესაბამისად, 24.8%-ით და 15.6%-ით მეტი იყო.

მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 6,7%-ით შემცირდა და 2021 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაფიქსირდა. ეს გამოწვეულია მსოფლიოში პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთების კოტირების ვარდნით - განმარტებულია მიმოხილვაში. გარდა ამისა, მცენარეული ზეთების მსოფლიო ფასის შემცირებას ხელი შეუწყო ნედლ ნავთობზე ფასების შემცირებამ.

მთლიანად კი 2022 წელს მცენარეულ ზეთებზე ფასების ინდექსმა 187,8 პუნქტი შეადგინა, რაც 13,9%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.

ამასთან, 5-თვიანი კლების შემდეგ, დეკემბერში 1,1%-ით გაიზარდა რძის პროდუქტების ფასების ინდექსი ნოემბერთან შედარებით. 2022 წლის ბოლოს ინდექსმა 142,5 პუნქტი შეადგინა, რაც 19,6%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1990 წლის შემდეგ.

დეკემბერში ხორცის ფასების ინდექსი ნოემბრის მაჩვენებელს 1,2%-ით ჩამორჩება, თუმცა წლიურ ჭრილში ზრდა 2,5%-ია. „დეკემბერში ინდექსის კლება განპირობებული იყო საქონლისა და ფრინველის ხორცზე მსოფლიო ფასების ვარდნით, რაც ნაწილობრივ კომპენსირდება ღორისა და ცხვრის ხორცზე ფასების ზრდით“, - ნათქვამია მიმოხილვაში. 2022 წლის ბოლოს კი ხორცის ფასების ინდექსმა 118,9 პუნქტი შეადგინა, რაც 10,4 პუნქტით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.

შაქრის ფასის ინდექსი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 2,4%-ით გაიზარდა. ზრდა გრძელდება მეორე თვეა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფასებმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. 2022 წლის ბოლოს ინდექსმა 114,5 პუნქტი შეადგინა, რაც 4,7%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის შემდეგ.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი არის შეწონილი საშუალო, რომელიც აკონტროლებს საერთაშორისო ფასების მოძრაობას საკვები პროდუქტების ხუთი ძირითადი ჯგუფისთვის.