მარიუპოლში მასობრივი იძულებითი პასპორტიზაცია დაიწყო - მასწავლებლისთვის, ექიმისთვის, პოლიციელისა და სახელმწიფო მოხელისთვის რუსული პასპორტის აღება სავალდებულო ხდება

ოკუპირებულ მარიუპოლში მასობრივი იძულებითი პასპორტიზაციის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, 1-ლი იანვრიდან ყველა მასწავლებლისთვის, ექიმისთვის, პოლიციელისა და სახელმწიფო მოხელისთვის სავალდებულო ხდება რუსული პასპორტის აღება.

„1-ლი მარტიდან შეუძლებელი იქნება მარიუპოლის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა რუსული პასპორტის გარეშე. ამავე დროს, არ არსებობს ასეთი „კანონი“, მაგრამ ამის შესახებ სიტყვიერად ყველა გააფრთხილეს“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მისი თქმით, ქალაქში სიტუაცია ძალიან ახლოს არის ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. სიკვდილიანობა რვაჯერ გაიზარდა. არ არის წყალი, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს, ძალიან დიდი პრობლემებია გათბობასთან დაკავშირებითაც.