Apple პირველი სენსორული ეკრანიანი ნოუთბუქის წარმოებაზე მუშაობს

კომპანია Apple მუშაობს მის პირველ ნოუთბუქზე, რომელსაც ექნება სენსორული ეკრანი. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი კომპანიაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, Apple-ის ინჟინრები აქტიურად მუშაობენ აღნიშნულ პროექტზე, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან კომპანიაში ახალ პროდუქტს. მიუხედავად ამისა, საბოლოო გადაწყვეტილება მის რეალიზაციაზე ჯერ მიღებული არ არის.

Apple დიდი ხანი უარს ამბობდა საკუთარი ნოუთბუქების სენსორული ეკრანებით აღჭურვის ფუნქციაზე - წერს Bloomberg. მისი ცნობით, სტივ ჯობსი მსგავს ფუნქციას ერგონომიული თვალსაზრისით საშინელებად მიიჩნევდა. გარდა ამისა, Apple-ში თვლიდნენ, რომ ნოუთბუქების სენსორული ეკრანებით გამოცემა ნეგატიურ გავლენას იქონიებდა პლანშეტების გაყიდვაზე.

სააგენტოს მონაცემებით, Apple-ის კურსის ცვლილებაზე გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ბოლო წლებში MacBook-ის ნოუთბუქებს კომპანიისთვის ბევრად მეტი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე iPad-ებს. ამასთან, Apple-ის კონკურენტები სულ უფრო ხშირად გამოსცემენ საკუთარ ნოუთბუქებს სენსორული ეკრანებით. როგორც მოსალოდნელია, Apple-მა შესაძლოა, მისი პირველი სენსორულ ეკრანიანი ნოუთბუქები ბაზარზე 2025 წელს გამოიტანოს, რა დროსაც განაახლებს ფლაგმანს - MacBook Pro-ს.

კოკა კვირკველია