ფაქტობრივად, არ ხდება ანაზღაურების რეგულირება, რაც დაქირავებულებს ექსპლუატაციის მიმართ მოწყვლადს ხდის - HRW საქართველოში შრომით უფლებებზე

საერთაშორისო ორგანიზაციამ “ჰიუმან რაიტს უოჩ” (HRW) წარმოადგინა ანგარიში „გლობალური ლიდერობის ახალი მოდელი ადამიანის უფლებების სფეროში“, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, შეფასებულია შრომითი უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობაც.

როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, HRW-ის შეფასებით, საქართველოში, შრომის სამართლიანი პირობები კვლავ შემაშფოთებელია:

  • სუსტია ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებული ნორმები;
  • მინიმალურია სოციალური დაცვა;
  • არასაკმარისია საკანონმდებლო გარანტიები პროფკავშირებისთვის, რომელიც მათ სისტემური ცვლილებების მიღწევაში დაეხმარებოდა;
  • რესურსების ნაკლებობის გამო, შრომის ინსპექციის ეფექტიანობა მცირეა;
  • ფაქტობრივად, არ ხდება ანაზღაურების რეგულირება, რაც დაქირავებულებს ექსპლუატაციის მიმართ მოწყვლადს ხდის.

„როგორც იცით, პროფკავშირების გაერთიანება მრავალი წელია საქართველოში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესებისთვის იბრძვის. ანგარიშში დასაქმებულებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხიც მოხვდა. აღნიშნულია, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასი 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა და ჯერ კიდევ 20 ლარს შეადგენს. ეს კი საარსებო მინიმუმზე 12-ჯერ ნაკლებია.

საქართველოს სამართლიანი შრომის პლატფორმის, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ჯგუფების კოალიციის მოხსენების გათვალისწინებით, ანგარიშში ასევე საუბარია, დამსაქმებელთა იმ მავნე პრაქტიკის შესახებაც, რომელიც სამუშაო ადგილებზე ხელფასის სიმცირის პრობლემას ამწვავებს. ეს გახლავთ „ხელფასის მოპარვის“ დამკვიდრებული პრაქტიკა – დასაქმებულთა 88%-ს დამსაქმებელი გაწეული შრომის ანაზღაურებას სრულად არ უხდის.

განსაკუთრებით დაზარალდნენ ჯანდაცვის მუშაკები, ვინც გადამეტებულ საათებს მუშაობდა Covid-19 პანდემიის გამო.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2022 წელს შრომის ინსპექციამ გამოავლინა 86 კერძო კლინიკა, რომლებმაც მიიღეს სპეციალური დაფინანსება ექთნების სახელფასო დანამატის შესავსებად, მათ კი ეს თანხები სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს.

HRW პოზიტიურად აფასებს მთავრობის მიერ საჯარო კლინიკებში ექთნების მინიმალური ხელფასის გაზრდას.

HRW-ის ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება შრომის უსაფრთხოების საკითხი. შრომის ინსპექციის მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, უბედური შემთხვევების შედეგად, სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 23 ადამიანი; ხოლო კიდევ 230 დაშავდა,“-აღნიშნულია პროფკავშირების ინფორმაციაში.

თაია არდოტელი