tbc კაპიტალს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების მოლოდინი აქვს - მიზეზები

როგორც ჩანს, 2023 წლის ეკონომიკის ზრდის ჩვენი ადრინდელი პროგნოზი აწევის მიმართულებით გადაიხედება - ამის შესახებ tbc კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია.

ამასთან, განახლებაში განხილულია ლარზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორები.

,,კვლევითი ორგანიზაციის ვარაუდის მიზეზი მიგრაციის ეფექტის ჩათვლით ტურიზმის მნიშვნელოვნად უკეთესი მოლოდინი, ზრდის სეზონური ფაქტორების გადახედვა, რაც ე.წ. საბაზო ეფექტზე არსებით ზეგავლენას ახდენს და ასევე, გლობალური ეკონომიკური აქტივობის კუთხით გარკვეულწილად მაინც გაუმჯობესებული შეფასებებია. დეკემბერში საგარეო ვაჭრობის ძლიერი დინამიკა დაფიქსირდა. განსაკუთრებით აღსანიშნავი ექსპორტის მაღალი ზრდის აღდგენაა. ასევე, პოზიტიურია, რომ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სებ-ის წმინდა სავალუტო რეზერვები. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ წლის განმავლობაში ლარის კურსზე არა მხოლოდ შემოდინებებისა და სავალუტო რეზერვების დონე, არამედ ლარის საშუალო კურსი ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით და ასევე, ინფლაციის მოლოდინი იმოქმედებს. საშუალო კურსის მხრივ, საყურადღებოა, რომ ევროს გამყარება გრძელდება. წარსული დინამიკიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ ევროს გამყარება ლარის გამყარებასაც იწვევს, თუმცა არა თანაბარზომიერად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ევროს შემდგომი გამყარება სწორედ საბაზო სცენარია, თავისთავად არაა გამორიცხული საერთაშორისო მასშტაბით მოვლენათა უფრო სტრესული სცენარით განვითარება, რაც უკვე მყარი დოლარის არგუმენტია" - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

თამარ მუკბანიანი