ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა - 2022-ში ქვეყანაში 4.37 მლრდ დოლარი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის, 4.37 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 2.35 მლრდ დოლარზე თითქმის 86%-ით მეტია.

გასაკვირი არაა, რომ წელს ყველაზე დიდი ოდენობით თანხა, 2.07 მლრდ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს, 411.4 მლნ დოლარს, 402.6%-ით აღემატება.

რუსეთის შემდეგ ტოპ-5 გადმომრიცხავის სიაში 431.6 მილიონით იტალიაა, შემდეგ აშშ 326.99 მილიონით, საბერძნეთი 223.9 მილიონით და ისრაელი 199 მილიონით.

blue-and-black-bar-chart-presentation-1673868622.jpg

რაც შეეხება გადარიცხვებს, წელს ქვეყნიდან 41.2 მილიონი აშშ დოლარი გავიდა, ძირითადი დანიშნულების ადგილები კი თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი და საბერძნეთი არიან.

უშუალოდ დეკემბერში საქართველოში 535.3 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც თვიურ ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია - ამდენი თანხა ერთი თვის განმავლობაში საქართველოში არასდროს გადმოურიცხავთ. გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელი 2.7%-ით აღემატება ნოემბრის მაჩვენებელს, 521.2 მლნ-ს, ხოლო 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 229.5 მლნ-ს -133.2%-ით. დეკემბერშიც რეკორდული იყო გზავნილები რუსეთიდან, საიდანაც ყველაზე დიდი ოდენობით თანხა შემოვიდა ქვეყანაში - 317.3 მლნ. ეს რიცხვი გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელს მხოლოდ 0.4%-ით, 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 39.7 მლნ-ს კი 699.2%-ით აღემატება.

კახი ჩაკვეტაძე