საბურთალოს რაიონის გამგებელი - 60 განაცხადია შემოსული ლიფტის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების შესახებ, საიდანაც 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია და გაჩერებულია

საბურთალოს რაიონის გამგებლის, გაიოზ ვასაძის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში 60 განაცხადია შესული ლიფტის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების შესახებ, საიდანაც 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია და გაჩერებულია.

როგორც გაიოზ ვასაძე განმარტავს, კანონის მიხედვით ყველა „ამხანაგობა“ ვალდებულია საკუთრებაში არსებული ლიფტის ექსპერტიზა ეტაპობრივად განახორციელოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამხანაგობა კანონის მიხედვით ვალდებულია ეტაპობრივად განახორციელოს საკუთრებაში არსებული ლიფტის ექსპერტიზა, ეს მან უნდა გააკეთოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საიტზე მითითებული აკრედიტებული კომპანიების დახმარებით. ამის შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს ამ სააგენტოს საიტზე, რათა მომავალში სწორედ მართონ უსაფრთხოება.

საბურთალოს გამგეობაში 60 განაცხადია შემოტანილი სხვადასხვა ხარისხის დაზიანების შესახებ. აქედან 10 არის კრიტიკული, რომელიც გაჩერებულია, ჩვენ ვეხმარებით „ამხანაგობას“, რომ ამ ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს“, - აღნიშნავს გაიოზ ვასაძე.