რომან ფიფია - „რუსთავის აზოტის“ გადაყიდვა ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ გარიგებად"

„რუსთავის აზოტის“ გადაყიდვა ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ გარიგებად",- ამის შესახებ განცხადებას „რუსთავის აზოტის“ ყოფილი მფლობელი რომან ფიფია ავრცელებს.

"მე არაერთხელ გავავრცელე საჯარო განცხადება „რუსთავის აზოტის“ ფიქტიური მესაკუთრის, „ე.უ ინვესთმენთის“ და მისი ფაქტობრივი მესაკუთრის, „საქართველოს ბანკის“ და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ, რათა მათ არ განეხორციელებინათ „რუსთავის აზოტის“ შემდგომი ე.წ. „გადაყიდვა“. გარდა ამისა, გასული წლის 5 დეკემბერს, ჩემმა ადვოკატებმა წერილობით მიმართეს „Indorama“-ს ყველა კორპორატიულ სტრუქტურას მათ ოფიციალურ მისამართებზე (Indorama corporation, Indorama Ventures PCL, FE Indorama AGRO LLC, Indorama Holdings B.V), ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია მათ მიერ „რუსთავის აზოტის“ მიმართ ინტერესის არსებობის თაობაზე. ჩვენ მათ წერილობით ვაცნობეთ, რომ „რუსთავის აზოტი“ არის რეკეტული გზით დასაკუთრებული ქონება და მისი რაიმე ფორმით შეძენა ვერ გადააქცევს მის ახალ შემძენს ქონების „კეთილსინდისიერ“ მესაკუთრედ.

მიუხედავად ჩემი არაერთი საჯარო გაფრთხილებისა, რუსთავის აზოტის ფიქტიურმა მესაკუთრემ, სს „ე. უ ინვესთმენთმა“ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს „რუსთავის აზოტის“ 100% იანი წილის მესაკუთრე გახდა სინგაპურული კომპანიის ქართული შვილობილი კომპანია.

კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებ, რომ ამ გარიგების ყველა მონაწილემ იცოდა, რომ გარიგების საგანი, „რუსთავის აზოტი“, კერძოდ კი, ამ კომპანიის 100% წილი, 2016 წელს მართლსაწინააღმდეგოდ დაისაკუთრა „საქართველოს ბანკმა“ მის მიერ შექმნილი ფიქტიური საწარმოს „ე.უ. ინვესთმენთის“ მეშვეობით. ამიტომ, ამ გეგმის ორგანიზატორების მიერ მოფიქრებული და განხორციელებული ახალი გარიგება ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ გარიგებად თანმდევი სამართლებრივი შედეგებით",- აცხადებს რომან ფიფია.

NS