„მინიმალური ხელფასი რომ არ გადაუხადონ, ექთნების პოზიციებს აუქმებენ და გადაყავთ ექთნის ასისტენტად, ტექნიკოსად, ლაბორანტად ან საერთოდ უშვებენ კლინიკებიდან“

2023 წლიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. კერძოდ, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792 ლარი) განისაზღვრა.

თუმცა, სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ, რომ კლინიკების მხრიდან მინიმალური ხელფასის გადახდისგან თავის არიდების ფაქტები გახშირდა. კერძოდ, როგორც სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე რადიო „პალიტრასა“ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აცხადებს, მინიმალური ხელფასი რომ არ გადაუხადონ, კლინიკები ექთნების პოზიციებს აუქმებენ ან საერთოდ უშვებენ კლინიკებიდან.

„ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესებას მივესალმებით და ძალიან გვიხარია. თუმცა, პრობლემა რაშია და კლინიკები რას აკეთებენ - აუქმებენ ექთნების პოზიციებს, რომ არ გადაუხადონ მინიმუმი ხელფასი და გადაყავთ ექთნის ასისტენტად, ტექნიკოსად, ლაბორანტად, ანუ სხვა დასახელებას აძლევენ, რომ არ გადაუხადონ ის მინიმალური ანაზღაურება, რაც დააწესა სახელმწიფომ. თუ ექთანს 3 წლამდე მუშაობის სტაჟი ან უვადო ხელშეკრულება არ აქვთ, ძალიან მარტივად შეუძლიათ კლინიკებს, რომ ეს გააკეთონ.

ძალიან ბევრმა ექთანმა დაგვირეკა, თბილისიდან, აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან, ამ პრობლემის შესახებ. ჩვენ გავაგებინეთ შესაბამის უწყებებს და აქტიურად ვმუშაობთ, რომ არ გადაიყვანონ ექთნები სხვა პოზიციებზე ან ვინც გადაიყვანეს, დავეხმაროთ, რომ დაუბრუნონ ექთნის პოზიცია და მინიმალური ხელფასიც გადაუხადონ. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ასაკით უფროს ან პენსიონერ ექთნებს უშვებენ სამსახურიდან და ვინც რჩება, მათ ამუშავებენ ორმაგად/ოთხმაგად. მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ შრომის ინსპექციამ გადაწყვიტა კლინიკების შემოწმება ამ თვალსაზრისით, მაგრამ რამდენს გაწვდებიან? არ აქვთ ამხელა ადამიანური რესურსი, რომ ყველა კლინიკაში შევიდნენ,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

თაია არდოტელი