გუდაურში სასრიალოდ უნდა შემოსულიყო 15 000 ებრაელი ტურისტი,  სამწუხაროდ, ბევრ სასტუმროს მოუწია თანხების უკან დაბრუნება - შალვა ალავერდაშვილი

გუდაურში სასრიალოდ უნდა შემოსულიყო 15 000 ებრაელი ტურისტი, სამწუხაროდ, ბევრ სასტუმროს მოუწია თანხების უკან დაბრუნება,- ამის შესახებ "სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური გათოვლიანება ყოველდღიურად მიმდინარეობს, ბუნებრივი პირობების, კერძოდ, მაღალი ტემპერატურის გამო, არაეფექტურია. შესაბამისად, ტურისტული თვალსაზრისით, იანვარი ჩავარდა.

„სამწუხაროდ, ამას ვერავის დავაბრალებთ. თემა არის ის, რომ ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო ხდება...

ჩვენ აგვისტო-სექტემბერში უკვე ხელი მოვაწერეთ და საკმაოდ დიდი ტურისტული კომპანია შემოვიდა საქართველოში, რომელიც იწყებდა ისრაელიდან (პირველად, ჩვენი ისტორიის განმავლობაში) ზამთრის ტურისტების ჯგუფურად შემოყვანას. განსაზღვრული იყო, რომ მთელი ზამთრის განმავლობაში, გუდაურში სასრიალოდ უნდა შემოსულიყო 15 000 ებრაელი ტურისტი. ჯავშნები იყო გაკეთებული, სასტუმროები მთლიანად დაჯავშნილი, კვების ობიექტები, ყველაფერი, მთელი ჯაჭვი იყო აწყობილი, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრ სასტუმროს მოუწია თანხების უკან დაბრუნება. ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ ველოდებით, რომ იქნებ, თოვლი მოვიდეს. მართალია, წინ სულ 3- თვიანი სეზონი გვაქვს და ერთი უკვე ჩავარდა, 2 თვეში ერთ თვეს ვერ ამოქაჩავ, მაგრამ იქნება, ის ორი თვე მაინც არ ჩაგვივარდეს“,- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

რაც შეეხება ხელოვნურ გათოვლიანებას: „აქაც ვერავის დავადანაშაულებთ, მაქსიმალურად მიმდინარეობს გათოვლიანება, ბაკურიანში განსაკუთრებით, ყოველდღიურად ხდება ეს, სრული სამზადისია ჩემპიონატისთვის, რომელიც 16 თებერვალს იწყება. თუმცა, პირდაპირ ვამბობ, არ შეიძლება, როდესაც + გვაქვს, გათოვლიანება ძალიან რთულია, რომ ტრასები სრულად დაიფაროს. გუდაურშიც რაღაც ნაწილია გათოლიანებული, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. გათოვლინება ეხმარება მაშინ, როდესაც რაღაც ნაწილზე მაინც თოვლია“,- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ნინი ქეთელაური