Prada-ს მოგება 28 პროცენტით შემცირდა

იტალიური მაღალი მოდის კომპანია Prada-ს მოგება გასულ წელს 28 პროცენტით შემცირდა.

ამის მიზეზი კი ჩინეთისა და ევროპის ბაზრებზე გაყიდვების რაოდენობის უეცარი ვარდნა გახდა. კომპანიის სუფთა მოგება წლის ბოლოს 451 მილიონი ევრო იყო, მაშინ როდესაც 2013 წლის მონაცემებით, Prada -მ 628 მილიონი ევროს მოგება მიიღო. იტალიური კომპანიის გაყიდვების 35 პროცენტი სწორედ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდის, რომელიც Prada-ს ყველაზე მსხვილ ბაზარს წარმოადგენს. კომპანიის შემოსავლების შემცირება ნაწილობრივ ჰონგ-კონგში ხანგრძლივმა ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა გამოიწვია, რის გამოც ქალაქის ცენტრში მაღაზიების დიდი ნაწილი დაიხურა.

შემოსავლების შემცირების გამო, კომპანია Prada-ს ხელმძღვანელები გეგმავენ ხარჯების შემცირებას და ნაკლები მაღაზიის გახსნას უახლოეს მომავალში, ვიდრე დაგეგმილი იყო.

Prada ძვირადღირებული იტალიური კომპანიაა, რომელიც მამაკაცებისა და ქალებისათვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს აწარმოებს. იგი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბრენდად მიიჩნევა.