თურქეთი 2030 წლისთვის გაზის იმპორტზე დამოკიდებული აღარ იქნება

თურქეთის მიზანია, 2030 წლისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე დამოკიდებული აღარ იყოს. ამის შესახებ თურქეთის ნავთობის კორპორაციის (TPAO) აღმასრულებელმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მელიჰ ხან ბილგინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებსაც ფილოსის ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ქარხანაში შეხვდა. მან ამ ობიექტის უახლეს სტატუსზე, ასევე, შავ და ხმელთაშუა ზღვებში ნახშირწყალბადების საძიებო საქმიანობაზე ისაუბრა. ინფრმაციას Sabah ავრცელებს.

ბილგინის თქმით, საუბარია რეზერვზე, რომლის მოპოვებაც 30-40 წლის განმავლობაში არის შესაძლებელი. პირველ ეტაპზე დღეში 10 მილიონ კუბური მეტრი გაზის წარმოება მოხდება, რაც მთლიანი მოთხოვნის 10%-ს შეადგენს და იმპორტზე თვეში 9 მლრდ დოლარის ნაცვლად, 8 მლრდ დოლარი დაიხარჯება. 2022 წელს თურქეთის ენერგეტიკული იმპორტის დეფიციტმა, დაახლოებით, 90-100 მლრდ დოლარი შეადგინა. ბილინგი ამბობს, რომ ყოველთვიური დეფიციტი 8-9 მილიარდი დოლარია, რასაც თურქული მხარე აღმოფხვრის.

„ჩვენ ვართ შავი ზღვის მბრძანებლები... ამ დროისთვის არ არსებობს არავინ, ვინც ჩვენზე უკეთ იცნობს შავ ზღვას, ჩვენზე უკეთ იცნობს შავი ზღვის გეოლოგიას, ვინც ჩვენზე უფრო ეკონომიურად, უფრო სწრაფად და ზუსტად შეასრულებს საბურღ სამუშაოებს,“ - აცხადებს ბილგინი.

მისი თქმით, თურქეთი როგორც აღმოსავლეთ ხმელთაშუა, ასევე, შავ ზღვაში თავის ბიზნესგეგმას მიჰყვება.

თურქეთის ნავთობის კორპორაცია (TPAO), სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-თან თანამშრომლობით, შავი ზღვის შელფზე საქარიას გაზის საბადოს აქტიურ განვითარებას განაგრძობს. საბადო სანაპიროდან, დაახლოებით, 170 კმ-ში მდებარეობს, საიდანაც გაზის მიწოდება ფილიოსის ქარხნისთვის სპეციალური მილსადენით მოხდება. ფილიოსის ქარხნიდან შავი ზღვის გაზს გაზსაზომი სადგური მიიღებს, რომლის მშენებლობაც კომპანია BOTAŞ-მა ახლახან დაასრულა. ასევე, დასრულდა 36-კილომეტრიანი სახმელეთო გაზსადენის გაყვანა, რომელიც ამ სადგურს გაზის გამანაწილებელ ეროვნულ სისტემასთან აკავშირებს. გაზსაზომი სადგური, დაახლოებით, ერთ წელიწადში აშენდა და პირველი ტესტირებისთვის მზად არის. პირველ ეტაპზე 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩება, თუმცა სადგურის პოტენციალი დღეში 50 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს.

საქარიას საბადოდან გაზის მიწოდება თურქი მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ანუ მარტის ბოლომდე დაიწყება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ