დღეიდან რუსულ კომპანიებს ნავთობის ფასდაკლებით გაყიდვა აეკრძალათ

დღეიდან რუსულ კომპანიებს ეკრძალებათ ნავთობის გაყიდვა იმ კონტრაქტებით, რომლის ტექსტშიც G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებული ფასის ზღვარი (price cap) არის გათვალისწინებული.

შესაბამის განკარგულებას პუტინმა 2022 წლის ბოლოს, G7-ის ქვეყნების მიერ price cap-ის შემოღების საპასუხოდ მოაწერა ხელი.

ემბარგოს თანხმად, 5 თებერვლიდან G7-ის ქვეყნებსა და ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება, ასევე, მათი საზღვაო გადაზიდვის შესაბამისი მომსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი დაწესებულ ზღვრულ ფასში გაიყიდება, რომელიც ბარელ ნავთობზე 60 დოლარს შეადგენს, ხოლო ნავთობპროდუქტებზე ლიმიტი ჯერ დადგენილი არ არის. მოელიან, რომ ნავთობპროდუქტებზე შესაბამისი ზღვარი 5 თებერვლამდე დაწესდება, რა რიცხვიდანაც ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე შემოღებული ემბარგო ამოქმედდება. price cap-ის მიზანია, საწვავის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავალი შეიზღუდოს და, პარალელურად, მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების სტაბილური მიწოდება შენარჩუნდეს.

პუტინის საპასუხო ბრძანებულება 2023 წლის 1-ელ ივლისამდე დარჩება ძალაში. აკრძალვა საბოლოო მყიდველამდე მიწოდების ყველა ეტაპზე ვრცელდება. განკარგულების შესრულების რეგულარული მონიტორინგი ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა. ამასთან, პუტინს სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე აკრძალვაში გამონაკლისის დაშვება შეუძლია.

ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა უკვე მოაწერა ხელი რეზოლუციას, რომელიც განკარგულების შესრულების მონიტორინგის წესებს განსაზღვრავს. კერძოდ, მიმწოდებლებმა უნდა წარუდგინონ ფედერალურ საბაჟო სამსახურს ხელშეკრულება, ასევე, განცხადება, რომელიც დაადასტურებს, რომ მასში არ არსებობს დებულებები ფასის ლიმიტის გამოყენების შესახებ. დადგენილება 1-ლი თებერვლიდან ექსპორტირებული საქონლის ექსპორტზე ვრცელდება.

ენერგეტიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ექსპორტისთვის განკუთვნილი რუსული ნავთობის ფასების მონიტორინგის პროცედურა 1-ელ მარტამდე უნდა დაამტკიცოს. ნედლეულის მიმწოდებლებმა, ენერგეტიკის სამინისტროს მოთხოვნით, საბაჟო დეპარტამენტს რუსულ ენაზე თარგმნილი ხელშეკრულებების ასლები და მათზე დამატებები უნდა მიაწოდონ.

ამასთან, კომპანიები ენერგეტიკის სამინისტროს წარუდგენენ საინფორმაციო მასალებს მიწოდების ხელშეკრულებების ფაქტობრივი შესრულების, მათ შორის, უცხოელი მყიდველების, საქონლის მიწოდების მიმართულებებისა და პირობების შესახებ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ