სანქცირებული რუსული კომპანიების რაოდენობა 10 000-ს აღწევს

ერთ წელიწადში სანქციების ქვეშ მოყოლილი რუსული კომპანიების რიცხვი თითქმის გაორმაგდა - 1 600-დან 2 900-მდე, ხოლო შვილობილი იურიდიული პირების გათვალისწინებით, ეს რიცხვი 10 000-ს აღწევს. რუსეთის ბანკის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობაზე წვდომის დაკარგვა ყველაზე რთული ექსპორტიორი კომპანიებისთვის გახდა. ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ ამ პირობებში რუსული ექსპორტი კონკურენტუნარიანობას დაკარგავს და შემცირდება მაშინაც კი, თუ მიწოდება „მეგობარ“ ქვეყნებზე გადაინაცვლებს.

2023 წელს კომპანიების სირთულეები შესაძლოა, გაუარესდეს, მათ შორის მეორადი სანქციების რეჟიმის გაფართოებისა და უკვე ახალი მიწოდების ჯაჭვების დაკარგვის გამო.

2023 წლის თებერვლისთვის 2,9 ათასი რუსული ორგანიზაცია მოექცა უცხო ქვეყნების სანქციების ქვეშ, მაშინ როცა ომის დაწყებამდე სანქციების სიაში 1,6 ათასი იურიდიული პირი იყო,

პირველადი სანქცირებული კომპანიების მესამედზე მეტი რეგისტრირებულია მოსკოვსა და რეგიონებში - 1,1 ათასი, სანქტ-პეტერბურგსა და ყირიმში - 271 და 150. სხვა რეგიონებში მათი რიცხვი საშუალოდ 100-ს არ აღემატება. დარგობრივ კონტექსტში ყველაზე მეტად დაზარალდა კვლევისა და განვითარების სფეროს კომპანიები - 230 იურიდიული პირი, საბითუმო ვაჭრობის საწარმოები - 201, ფინანსური და საგანმანათლებლო დაწესებულებები - 152 და 150.

ყველაზე მეტ შეზღუდვას აწესებს უკრაინა - 2373, აშშ - 1744, ევროკავშირი - 574, იაპონია - 428, შვეიცარია - 416.

რუსეთის ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ იმპორტის შეზღუდვები ბიზნესის მთავარ პრობლემად იქცა: იმპორტის შეზღუდვის მიმართ ყველაზე დაუცველი აღმოჩნდა ექსპორტიორი კომპანიები - ასეთი საწარმოები მნიშვნელოვანია ეკონომიკური აღდგენისთვის, რადგან ისინი უფრო კონკურენტუნარიან და ეფექტურებად ითვლებიან, მათ შორის ტექნოლოგიური უცხოური გადაწყვეტილებების დანერგვის გამო.

2022 წელს ექსპორტიორი კომპანიების მხოლოდ 39%-ს ჰქონდა ნედლეულისა და მასალების შეძენის პრობლემის სრულად გადაწყვეტის იმედი, მანქანებისა და აღჭურვილობის 18%, სათადარიგო ნაწილების 28%. არაექსპორტიორებისთვის ეს მაჩვენებლები უფრო მაღალია - 47%.

ცენტრალურ ბანკს მიაჩნია, რომ საჭირო იმპორტის მიწოდებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს რუსული ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შემცირება და მისი დივერსიფიკაციის შეზღუდვა, სხვა საექსპორტო ბაზრებზე წვდომის გაზრდის შემთხვევაშიც კი.

სანქციების ზეწოლის შედეგად ზოგიერთმა კომპანიამ უკვე შეწყვიტა ექსპორტი ან შეამცირა მისი მოცულობა, როგორც „არამეგობრულ“ ქვეყნებში, ასევე სხვა ბაზრებზე მეორადი სანქციების რისკების გამო. ამრიგად, ცენტრალური ბანკის მიერ გამოკითხულთა შორის ექსპორტიორების წილი ასეთი კვლევის წინა რაუნდისთვის 58%-დან 52%-მდე შემცირდა. ცენტრალური ბანკის აზრით, ასეთი პროდუქტების იმპორტიორებისთვის კონსულტაცია და ფინანსური მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობაზე წვდომის შენარჩუნებას.

აღსანიშნავია, რომ კომპანიებმა მთავრობას იმპორტის მხარდაჭერის გაფართოება უკვე სთხოვეს, მაგრამ მთავრობას იდეების მხარდაჭერა არ მიუღია, მათ საკმარისად მიაჩნიათ მიმდინარე ღონისძიებები: პარალელური იმპორტი, საბაჟო გადასახადის ნულიზაცია, კრიტიკული იმპორტის სიები.

ბიზნესი კი შიშობს, რომ 2023 წელს მეორადი სანქციების გააქტიურების რისკები გასულ წელს აშენებული ალტერნატიული მიწოდების ჯაჭვების დაკარგვას გამოიწვევს.

ეკა დარჩიაშვილი