დღეიდან ბანკებს შორის გადარიცხვებზე საკომისიოს ზედა ზღვარი წესდება

დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან ბანკებს შორის გადარიცხვებზე ეროვნული ბანკი საკომისიოს ზედა ზღვარს აწესებს. საუბარია გადარიცხვებზე, რომელიც RTGS სისტემის საშუალებით ხორციელდება. ცნობისთვის, აღნიშნული სისტემით ხორციელდება ბანკებს შორის ლარით გადარიცხვები, ასევე გადარიცხვები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში და პირიქით.

„სისტემით მომსახურებისთვის კომერციული ბანკებისთვის დადგენილია მომსახურების ტარიფები, რომელიც კვირის სამუშაო დღეებში, 9:00 საათიდან 17:45 საათამდე შუალედში შეადგენს 10 თეთრიდან 20 თეთრამდე.

2022 წლის ნოემბერში, RTGS სისტემის შესაბამის წესებში განხორციელდა ცვლილებები, რომლითაც დადგინდა მომხმარებლებისთვის დასადგენი მომსახურების საკომისიოს ზედა ზღვრები მომხმარებლის ტიპის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) და თანხის სიდიდიდან გამომდინარე იმ გადარიცხვებისთვის, რომლებიც RTGS სისტემის საშუალებით განხორციელდება,“- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

მაგალითისთვის, 10 000 ლარამდე გადარიცხვის შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის ტარიფი იქნება არაუმეტეს 2 ლარი, 10 000 ლარიდან 100 000 ლარამდე - არაუმეტეს 5 ლარი და 100 000 ლარის და ზევით გადარიცხვის შემთხვევაში - არაუმეტეს 50 ლარი.

უფრო დეტალურად, გადარიცხვების და საკომისიოს ზედა ზღვარის შესახებ იხილეთ ცხრილი:

cxrili-1675257963.png

ეროვნული ბანკის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების მიზანია, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, რაც გულისხმობს ხარჯზე დაფუძნებული ტარიფების მიდგომის შემოღებას, კონკურენციის ხელშეწყობას და ბანკთაშორისი გადარიცხვების ბარიერების შემსუბუქებას.

თაია არდოტელი