„უკვე გვაქვს ფაქტები, როდესაც მომხმარებლებს შეუზღუდეს მომსახურება ბანკში“ - რუსული ფულის გასანაღდებლად ანგარიშის „მიქირავების“ შედეგები

„უკვე გვაქვს ფაქტები, როდესაც მომხმარებლებს შეუზღუდეს მომსახურება ბანკში“ - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ბიზნეს პალიტრაში“ განაცხადა.

საუბარია, რუსეთიდან გადმორიცხული ფულის გასანაღდებლად, საქართველოს მოქალაქეების ანგარიშების გამოყენებაზე. კერძოდ, სოციალური ქსელების საშუალებით, კონკრეტული ჯგუფები, პირებს რუსული თანხის გასანაღდებლად, მათი ანგარიშის „მიქირავებას“ სთხოვენ, სანაცვლოდ კი კონკრეტულ ანაზღაურებას სთავაზობენ.

„ეს განცხადება არის პრევენციული ხასიათის, რადგან ადამიანებისთვის ცნობილი გახდეს, რომ მათი ანგარიშების გამოყენება მესამე პირის მიერ, შესაძლოა, გახდეს მათთვის ანგარიშის მომსახურების შეჩერების, დაბლოკვის, ან კიდევ უფრო მეტი, გარკვეულ კანონდარღვევაში მონაწილეობის წინაპირობა.

როდესაც მომხმარებელმა არ იცის იმ თანხების წარმომავლობა, რა თანხებიც ირიცხება მის ანგარიშზე და უბრალოდ, რადგან საქართველოს რეზიდენტია, ახდენს ამ ანგარიშის „მიქირავებას“, მისი ანგარიშის საშუალებით ხდება თანხის ჩარიცხვა და შემდეგ განაღდება, გაუგებარია, რა თანხა ჩაერიცხა მას და რა მიზნობრიობით მოხდება ამ თანხების მიმართვა.

მეორე, კონკრეტულად ამ თანხების ჩარიცხვის ნაწილში, შესაძლოა, ეს იყოს ლეგალური ოპერაცია, ანუ, თანხის გადმორიცხვა არასანქცირებული პირის მიერ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ რუსეთზე, დიდი შანსია, რომ იმ ადამიანების, ან მთლიანად ოპერაციების სანქცირება მოხდეს ნებისმიერ დროს და ამან გამოიწვიოს პირველ ეტაპზე, გარკვეული კომუნიკაციის და მომსახურების შეზღუდვა მომხმარებელთან მიმართებით, ყველა საფინანსო ინსტიტუტიდან და შემდეგ უკვე ეს რა შედეგებამდე მივა, ამაზე უკვე არ მინდა რომ გადაჭარბებულად გამომივიდეს, მაგრამ რეალურად რა თანხებს განაღდებას ახდენენ, მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და შესაძლოა, ეს საერთოდ იყოს, უკანონოდ მოპოვებული თანხები და პირი თავისთავად თანამონაწილე ხდება.

ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა მიწოდება ინფორმაციის, რომ ასეთი სერვისი შესაძლოა, არსებობდეს საქართველოში და ამაში იხდიან ფულს. სოციალურ ქსელებში შემხვდა უკვე კონკრეტული შეთავაზებები, როდესაც 40-50 ლარს სთავაზობენ ამ მომსახურებისთვის.

ამ განცხადებით ჩვენ უბრალოდ გვინდა, მომხმარებელს ესმოდეს, რა უღირს ამ ოპერაციის შესრულება და რა რისკები არსებობს.

ჩვენ უკვე გვაქვს ფაქტები, როდესაც მომხმარებლებს შეუზღუდეს მომსახურება ბანკში, თუმცა კონკრეტულ რაოდენობებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან იდენტიფიკაციის პროცესში ვართ“,- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ნინი ქეთელაური