TAP-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ახალი განშტოება ექნება

TAP-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ახალი განშტოება ექნება. იონი-ადრიატიკის გაზსადენის (Ionian Adriatic Pipeline-IAP) პროექტი ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. ამის შესახებ ხორვატიის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ექსკლუზიურად სააგენტო Trend-ს განუცხადა.

იონი-ადრიატიკის მილსადენი შესაძლოა, ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP) დაუკავშირდეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში გაზის ტრანსპორტირება მოხდეს. IAP-ის პროექტით, 516 კილომეტრ სიგრძის მილსადენი ალბანეთის, მონტენეგროს, ბოსნიას და ჰერცეგოვინას ტერიტორიებს გაივლის, ხოლო ხორვატიის ქალაქ სპლიტში დასრულდება. სპლიტში მილსადენი იქ არსებულ გაზის გამანაწილებელ ხორვატულ სისტემას დაუკავშირდება. ამასთან, ის შესაძლოა, გაზის სხვა ახალ ინფრასტრუქტურას დაუკავშირდეს, მათ შორის თხევადი ბუნებრივი გაზის Krka LNG-ტერმინალს ხორვატიის კუნძული კრკაზე, რომელიც ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.

მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნება.

პროექტ IAP-ზე მინისტერიალურ დეკლარაციას 2007 წლის 25 სექტემბერს, ენერგეტიკული თანამეგობრობის ფარგლებში მოეწერა ხელი.

TAP-მა უკვე გააფორმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმები ამ პროექტის ავტორებთან. ესენია: კომპანია Plinacro (ხორვატია), BH-Gas (ბოსნია და ჰერცეგოვინა), GeoplinPlinovodi (სლოვენია), ასევე, მონტენეგროსა და ალბანეთის მთავრობები.

შექმნილია TAP-ისა და IAP-ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორი მილსადენის დაკავშირების ტექნიკურ საკითხებზე შესათანხმებლად რეგულარულად იკრიბება.

ხორვატიის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „მართალია, IAP-ის პროექტი განკუთვნილია წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებისთვის, თუმცა ბოლო 12 თვის განმავლობაში მოთხოვნა მთელ ევროპაში გაიზარდა.“

„მიწოდების უსაფრთხოების საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანი თემა იყო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში, თუმცა ბოლო 12 თვის განმავლობაში უკრაინის ომის გამო ის კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ჩვენთვის IAP არის ერთ-ერთ პროექტი, რომელსაც პრობლემის პოტენციური მოგვარება შეუძლია. ის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას გაზმომარაგებაში მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დაეხმარება. პროექტი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია,“ - აცხადებენ სამინისტროში.

ახლახან იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა რუსული გაზის შესყიდვაზე მთლიანად იტყვის უარს და ახალი წყაროების, მათ შორის ტრანსადრიატიკის გაზსადენით (TAP) აზერბაიჯანიდან მიწოდების გაორმაგების ხარჯზე შესაძლოა, ბუნებრივი საწვავის ჰაბიც კი გახდეს.

TAP განკუთვნილია ევროპისთვის წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის. TAP-ის საერთო სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, 215 კმ - ალბანეთზე, 105 კმ ადრიატიკის ზღვაში, ხოლო 8 კმ იტალიის ტერიტორიაზე გადის. პროექტის ღირებულება 4,5 მლრდ ევროს შეადგენს.

2023 წელს აზერბაიჯანიდან მთლიანად 24 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი არის დაგეგმილი, საიდანაც, დაახლოებით, 12 მილიარდი კუბური მეტრი ევროპას უნდა მიეწოდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ