"თბილისი 2015"-ის ოფიციალური გადამზიდი ავიაკომპანია "აირზენა" გახდა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის ოფიციალური გადამზიდი ავიაკომპანია "აირზენა" გახდა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, 2 აპრილს კომიტეტი ავიაკომპანია "აირზენასთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. დოკუმენტს ხელს მოაწერს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და ავიაკომპანია Georgian Airways ( "აირზენას") გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი.

"აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით "აირზენა" "თბილისი 2015"-ის ოფიციალური გადამზიდი ხდება და მისი თვითმფრინავები "თბილისი 2015"-ს ლოგოთი და ოლიმპიური ფერებით დაიბრენდება. "აირზენა" ასევე უზრუნველყოფს სპეციალური ჩარტერული რეისის დანიშვნას თბილისი-ათენი-ბათუმის მიმართულებით საქართველოში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლის მიზნით. ფესტივალის პერიოდში ავიაკომპანიის სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ აქ ჩამომსვლელი ოფიციალური დელეგაციები და სხვა სტუმრები",- აცხადებენ კომიტეტში. კომიტეტის ინფორმაციით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" 26 ივლისს-1 აგვისტოს თბილისში ჩატარდება.