რა კავშირშია ბლუმბერგის სისტემა ვალუტის გაუფასურებასთან?

”ლარის გამყარება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, მაგრამ ამას სისტემური ცვლილებები სჭირდება”

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა, თუმცა ხალხს ჯერაც არ დაუკარგავს იმედი, რომ ლარი მომავალში დასტაბილურდება და შესაძლოა გამყარდეს კიდეც. მანამდე კი, ლარის გაუფასურებას ათასგვარი მიზეზით ხსნიან: დაწყებული საგარეო თუ საშინაო ფაქტორებით და დამთავრებული ბლუმბერგის სისტემით, რომლის მიხედვითაც ლარის კურსი დგინდება. საქართველო ამ სისტემაში 2009 წლიდან ჩაერთო. ანალიტიკოსთა ნაწილი ეჭვობს, რომ ბლუმბერგის სისტემა 100%-ით დახურულია და სპეკულაციის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ლარის მასშტაბური გაუფასურებაც სპეკულაციის შედეგად დაიწყო. ”სპეკულაცია არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ასპექტი ვალუტის კურსის ფორმირების დროს. თუმცა, ჩემი აზრით, სპეკულაციურ სქემებს ლარის კურსის ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვენლობა არ ენიჭება, თუ რომელიმე მოთამაშეს ძალიან დიდი კაპიტალი არა აქვს ისევე, როგორც თავის დროზე როტშილდს ან სოროსს ჰქონდა. კურსის ცვლილება ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ქვეყნის სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსი, ან როგორი ინტენსივობისაა უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციები და ტრანზაქციები. დღესდღეობით, მაგალითად, სპეკულანტებმა როგორც უნდა მოინდომონ, 1 დოლარი ვერაფრით გახდება 3 ლარი იმიტომ, რომ ეს რეალობას მოწყვეტილი კურსი იქნება”, - აღნიშნა bpn.ge-სთან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ.

ლარის კურსზე ბლუმბერგის სისტემის მნიშვნელოვან ზეგავლენას გამორიცხავს ეკონომიკის მაცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ თოქმაჯიშვილიც.

"ბლუმბერგის სისტემა ამ რამდენიმე წლის წინ შემოიღეს. ეს მექანიზმი უფრო მოქნილია, ვიდრე სავალუტო ბირჟა იყო, რადგან მანამდე ბირჟაზე კურსი დგინდებოდა დროის შეზღუდულ მონაკვეთში, ზოგჯერ 1 საათის განმავლობაშიც კი. ბლუმბერგის სისტემის მიხედვით, ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. ამ სისტემის მონაწილე სუბიექტები ბანკები არიან, ამიტომაც, ბანკები დაინტერესებულნი არ უნდა იყვნენ სხვადასხვა სპეკულაციური გარიგებით. მათი დაინტერესება სპეკულაციებით ნიშნავს, რომ დღეს თუ რაღაცას მოიგებენ, ხვალ აუცილებლად წააგებენ და ეს მოგებაც განეიტრალდება. თუმცა ლარის კურსზე დღეს იმდენი რამ ახდენს გავლენას, რომ სპეკულაციის არსებობასაც გამოვრიცხავ. მიუხედავად ამისა, კურსის ფორმირებისას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მთელი რიგი საგარეო და საშინაო ფაქტორები, რომელიც ეროვნულ ვალუტაზე მოქმედებს. ამ კურსის ფორმირებაში არა ერთი სუბიექტი მონაწილეობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე ძლიერი მაინც ეროვნული ბანკი და სამთავრობო სტრუქტურებია", - აღნიშნავს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

თავისუფალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე კი პირდაპირ აცხადებს, რომ ლარის კურსზე პასუხისმგებელი ჯერ მთავრობაა და შემდეგ - ეროვნული ბანკი. პაატა შეშელიძის თქმით, ვალუტის კურსის ფორმირებისას მონეტარული პოლიტიკაა მთავარი და არა - ბლუმბერგის, ან სხვა რომელიმე სისტემა. "როგორიც უნდა იყოს სავაჭრო სისტემა, მანიპულირების მთავარ საფრთხეს ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობები შეიცავს და არა - ესა თუ ის სისტემა. ეროვნულ ბანკს აქვს ისეთი ფუნქციები, რომლის დახმარებითაც შეუძლია ნებისმიერი კურსი დაადგინოს. ამ მხრივ მას არანაირი შეზღუდვა არა აქვს და ასეთ დროს სპეკულაცია სავსებით შესაძლებელია. ასეთ დროს ვიღაცას შეუძლია ითამაშოს იმაზე, რომ ჩვენი ეროვნული ბანკი არ არის სწორად ორგანიზებული ისევე, როგორც თავის დროზე ჯორჯ სოროსმა შეძლო ეთამაშა იმაზე, რომ ინგლისის ეროვნული ბანკი არ იყო სწორად ორგანიზებული და არასწორ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. სრული პასუხისმგებლობა მოდის ჯერ პარლამენტზე, რომელიც ცენტრალურ ბანკს არ უდგენს გარკვეულ ჩარჩოებს და მერე - ეროვნულ ბანკზე, რომელსაც კარტბლანში აქვს მიცემული და ყველაფერს თავისი შეხედულების მიხედვით აკეთებს", - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.

მისივე თქმით, ლარის გამყარება ერთ წუთშია შესაძლებელი, თუ მთავრობა და ეროვნული ბანკი სერიოზულ, სისტემურ ცვლილებებს გაატარებენ. "ამისთვის ზაფხულის ან ტურისტების მოლოდინი საჭირო სულაც არ არის, საჭიროა მხოლოდ სწორი მიდგომა. ეროვნული ვალუტის დაცემა ხელოვნური პროცესი იყო და მისი კურსი არც ზაფხულზეა დამოკიდებული, არც კარგ ამინდზე და არც ტურისტების რაოდენობაზე. მონეტარული პოლიტიკა იმიტომ არსებობს, რომ ეს კურსი გააკონტროლოს და თუ ასე არ ხდება, მაშ, რაში გვჭირდება ეროვნული ბანკი? ეროვნული ბანკი იმიტომ არსებობს, რომ მოსახლეობა დაიცვას და მან პირველ რიგში, სწორედ ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს", - აცხადებს თავისუფალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

პაატა შეშელიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ლარის გაუფასურებით მარტო კომერციულმა ბანკებმა ისარგებლეს. "ამ პროცესით მარტო ბანკებს არ უხეირიათ, რადგან ისინი დავალებებს ასრულებენ, თავისი ფულით კი არ ვაჭრობენ, უბრალო შუამავლები არიან. ეს სიტუაცია შექმნა ჯერ მთავრობამ და მერე - ეროვნულმა ბანკმა. ამასთან ბლუმბერგის სისტემას არანაირი ზეგავლენა არა აქვს, ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო ნებისმიერი სისტემის პირობებში, აქცენტის გადატანა იმაზე, რომ ბლუმბერგი, ან სხვა ვინმეა დამნაშავე, სწორი არ არის. დამნაშავე ის არის, ვინც სპეკულაციების საშუალება გააჩინა, ბლუმბერგი აქ არაფერ შუაშია. ტექნიკურად ლარის გამყარება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, მაგრამ ეს თითის დაწკაპუნებით არ მოხდება, ამას დანახარჯები და სერიოზული სისტემური ცვლილებები სჭირდება”, - აცხადებს პაატა შეშელიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე