ძალიან ლოგიკურია, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო. კობა გვენეტაძის  წასვლამდე ვეტოს დაძლევა ვეღარ მოესწრება – რაქვიაშვილი

„ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა გუშინ საღამოს ვეტო დაადო, რაც იმით ახსნა, რომ ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ ყოფილა.

ცვლილებები კი, პარლამენტმა დაჩქარებული წესით 1 კვირაზე ნაკლებ დროში განიხილა და დაამტკიცა. როგორი იყო კონტექსტი, რამაც ახალი კანონის აუცილებლობა განაპირობა ,,ბიზნესპრესნიუსთან" პარლამენტის წევრი, ,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი საუბრობს.

„თავდაპირველად პრობლემის სათავე იყო ის, რომ საკითხში იმდენი ინტერესთა ჯგუფი იყო ჩართული, ვერ მოხერხდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ახალ კანდიდატურაზე შეჯერება. არ ვგულისხმობ, რომ პრეზიდენტთან არ შეთანხმდა საკითხი, შიგნით ,,ოცნებაშიც“ სხვადასხვა ადამიანები განსხვავებულ კანდიდატურებს ლობირებდნენ და ამიტომ ვერ დალაგდნენ.

როცა უკვე გაირკვა, რომ ვერ ირჩევდნენ პრეზიდენტს, დადგა საკითხი, ვინ იქნებოდა მოვალეობის შემსრულებელი. არავინ რომ ჩარეულიყო და ყველაფერი ძველი წესით დაეტოვებინათ, მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა არჩილ მესტვირიშვილი. ამისთვის კი, საკმარისი იქნებოდა კობა გვენეტაძის ბრძანება წასვლამდე. აღმოჩნდა, რომ მესტვირიშვილი არავის აწყობს ხელისუფლებაში და მხოლოდ სებ-ის დღევანდელ მმართველობას. მიჭირს პერსონალების დასახელება, ვინ დგას სათავეში და ვინ ლობირებს ქალბატონი თურნავას კანდიდატურას, თუმცა მათ შეძლეს და დაჩქარებული წესით შეაცვლევინეს კანონი პარლამენტს, რომ მოსწრებულიყო კობა გვენეტაძის წასვლამდე. ეს არის კონტექსტი, რის გამოც კანონი შეიცვალა, სხვა არავითარი შინაარსი კანონის ამ ცვლილებებს არ ჰქონია.

ეს უცნაური კომბინაცია დალაგდა ისე, რომ მარტიდან ჩნდებოდა 4 ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და აქედან ერთი იქნებოდა მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს წლებიც. გამოდიოდა სრული მარაზმი, რითაც საბჭოში იქნებოდა 3 წევრი და 4 ვიცე-პრეზიდენტი. ფორმალურადაც კი ფიქცია გამოდის ახალი კანონით განაწილებული როლები. ამ ყველაფრის გამო, თავად განხილვასაც ახლდა ისეთი უცნაურობები, როგორიცაა ის, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიიღეს", - განაცხადა რაქვიაშილმა.

მისივე თქმით, ახლა პარლამენტი რიგგარეშე სხდომის მოწვევის გარეშე ვერ მოახერხებს ვეტოს დაძლევას, რაც დამატებითი უხერხულობა იქნება.

,,ამ ყველაფრის ფონზე, რაც მოვყევი, ძალიან ლოგიკურია, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საიდანღაც ჩამოვიდა ბრძანება, მთელი პარლამენტი დალაგდა და შეცვალეს კანონი. ახლა, სიტუაცია ასეთია, რადგან პრეზიდენტმა არა მხოლოდ ვეტო დაადო, არამედ მაქსიმალურად გაწელა დრო, ამ ვეტოს დაძლევა ვეღარ მოესწრება კობას წასვლამდე. ერთადერთი გზა, რიგგარეშე სხდომაა, რაც დამატებითი მასკარადია. თუ ეს მოცემულობა შენარჩუნდა, არჩილ მესტვირიშვილი ხდება მოვალეობის შემსრულებელი და შემდეგ, მისი შეცვლა ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება, მათ შორის IMF-თან. სიტუაცია მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ ახლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მოვალეობის შემსრულებელი, გახდეს საერთოდ სხვა ვინმე. ისეთი რამე მოაწყვეს, რომ საერთოდ გაუგებარია, რა საჭირო იყო, შიგნით როგორ ვერ დალაგდნენ.

არის თეორია, რომელიც არ ვიცი რამდენად სარწმუნოა, თუმცა ამ ვერსიით, თურნავას ოცნებაში ბოლომდე არ ენდობიან და ეს გააკეთეს იმისთვის, რომ მოვალეობის შემსრულებლის გადაყენება მარტივია, პრეზიდენტს კი, 7 წელი ვერავინ შეეხება. ასე რომ, მოვალეობის შემსრულებელი მარტივად კონტროლირებადია. საღ აზრთან, ეკონომიკასთან, ადეკვატურობასთან არავითარ კავშირშია და უბრალოდ, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ხისტი თამაშია“, - განაცხადა რაქვიაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

,,ბიზნესპრესნიუსი" ეროვნულ ბანკსაც დაუკავშირდა, იმის გასარკვევად, თუ რა პოზიცია აქვთ პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, თუმცა მარეგულირებელში, კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, სებ-ის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2 მარტს ამოეწურება.

თამარ მუკბანიანი