ინტერნეტით ნივთების გამომწერები ხელისუფლებას საბაჟო ზღვარის აწევას სთხოვენ

რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია, რომლის ხელმომწერთა მოთხოვნაც 300-ლარიანი საბაჟო ზღვარის 1500 ლარამდე აწევაა.

უცხოური საიტებიდან ქართველი გამომწერების თქმით, 300-ლარიანი ზღვარის აწევასთან დაკავშირებით, ხელისუფლების არგუმენტი ის არის, რომ ამ შემთხვევაში ხელი შეეშლება მცირე და საშუალო ბიზნესს, რაც კერძო პირების თქმით, საფუძველს მოკლებულია.

როგორც პეტიციის ერთ-ერთი ავტორი მირიან დავითაშვილი აღნიშნავს, პეტიციის ხელმომწერები ბაჟის საერთოდ გაუქმებას არ ითხოვენ. "მოხდეს დაწესებული 300-ლარიანი ზღვარის აწევა 1500-ლარამდე, როგორც ეს 2009 წლის აგვისტომდე იყო. ბოლო დროს გაძვირებული დოლარის ფონზე, ვითარება ამ მხრივ კიდევ უფრო გაუარესდა _ თუ ადრე 160-170-დოლარიანი ნივთის შეძენისას 300 ლარს არ გადააჭარბებდი, ახლა, 135 დოლარის ღირებულების ნივთში გვიწევს უკვე განბაჟების საფასურის გადახდა. საბაჟო ზღვარის აწევა კი, საქონლის მრავალფეროვნებას გამოიწვევს, კონკურენციას გააძლიერებს, რაც ფასებსა და ხარისხს დაარეგულირებს", - აღნიშნავს მირიან დავითაშვილი.

იგივე პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი კერძო პირი ნანა დათიაშვილი, რომლის თქმითაც, ერთი ნივთის გამოწერა ძალიან ძვირი დაუჯდა. "ერთ-ერთი უცხოური საიტიდან გამოწერილი ჯინსის შარვალი საბოლოოდ, 305 ლარი დამიჯდა. 60 ლარი მხოლოდ განბაჟებაში გადავიხადე, + 12 ლარი განბაჟების საბუთების მომზადება. ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯები. ამიტომ აღარ მიღირს კიდევ რაიმე ნივთის გამოწერა. ჩემს დღეში ათასობით ადამიანია და გაუგებარია, რატომ გვიზღუდავს ხელისუფლება არჩევანს? ერთი ნივთის გამოწერაში ამხელა გადასახადის გადახდა არა მგონია ვინმეს უღირდეს", -

ამბობს ნანა დათიაშვილი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საგადასახდო შემოსავლების სამსახურს დავუკავშირდით, თუმცა ამ უკანასკნელმა ფინანსთა სამინისტროში გადაგვამისამართა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში, მისი ლიბერალიზაციისა და ბიზნესხელშეწყობის, ზოგადად გადამხდელის ხელშეწყობის მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში ყველა მიმართულებით მუშაობს და მათთან ერთად განიხილება ყველა ის ინიციატივა, რომელიც შემდგომ პარლამენტში დასამტკიცებლად გადის. "ამ ეტაპზე, კონკრეტულად, ამ მიმართულებით, კერძო პირებისთვის რაიმე ტიპის შეღავათის დაწესების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუ ამ საკითხის განხილვა დაიწყება და ეს თემა დღის წესრიგში დადგება, აუცილებლად შეგატყობინებთ", - გვითხრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ხათუნა ივანიშვილმა.

ლალი პაპასკირი