რა განაპირობებს ქართული თხილის დაბალ ფასს - შეფასება

ქართული თხილის ბაზარი ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ადგილობრივი ფერმერები მიიჩნევენ, რომ წარმოების მოცულობის კიდევ უფრო გაზრდა არის შესაძლებელი.

ქართული თხილის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, რომელიც ISET-PI-მ მოამზადა, სექტორი ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა. ადგილობრივი ფერმერები და ექსპერტები თვლიან, რომ არსებობს ხარისხისა და წარმოების მოცულობის პოტენციალის ზრდის შესაძლებლობა. თხილის არც ისე კარგი ხარისხი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ის კარგ ფასში გაიყიდოს.

როგორც east-fruit-ი წერს, 2021 წელს საქართველო თხილის მწარმოებელი მსხვილი ქვეყნების ხუთეულში შევიდა. აღნიშნული რეიტინგის ლიდერია თურქეთი (54,2%), იტალია (14,4%), ჩილე (6,4%), აშშ (6%) და საქართველო (4%). ამათგან ყველაზე მაღალი მოსავლიანობა აშშ-ს აქვს - 2848 კილოგრამი 1 ჰექტარზე, ამ მაჩვენებლით საქართველო მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

2010-2021 წლებში თხილი ექსპორტის საერთო მოცულობის 4,4%-ს იკავებდა. ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობამ თავის მაქსიმუმს - 30 ათას ტონას, 2013 წელს მიაღწია, თუმცა მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. 2017 წელი ამ მხრივ ყველაზე ცუდი იყო, აზიური ფაროსანას შემოსევის გამო. ორივე მაჩვენებელი 2020 წელს დასტაბილურდა.

ქართული თხილი ძირითადად ევროპის ქვეყნებში გადის ექსპორტზე. 2021 წელს 33% გავიდა იტალიაში, ხოლო 18% - გერმანიაში.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ქართული თხილი წამყვან ხუთ ექსპორტიორ ქვეყანას შორის ყველაზე იაფი ღირს: 1 კილოგრამის ღირებულება 2,7-დან 5,9 დოლარამდე მერყეობს, მაშინ, როდესაც ამერიკულის ფასი 4,6-9,2 დოლარს შეადგენს. დაბალი ფასი, თხილის დაბალი ხარისხით აიხსნება.

ეკა დარჩიაშვილი