პოდოლიაკმა Louis Vuitton რუსული სიმბოლიკის გამოყენებაში დაადანაშუალა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ის გვერდზე ფრანგული მოდის სახლი, Louis Vuitton პრომოვიდეოში პრორუსული სიმბოლიკის გამოყენებაში დაადანაშაულა.

ბრენდის რეკლამაში, რომელშიც გამოსახულია საფრანგეთის დროშის ფერები და კომპანიის ერთ-ერთი სიმბოლო, ასო, „V,“ პოდოლიაკმა მოსკოვის მხარდაჭერა დაინახა.

„ელიტარულმა მოდის სახლმა, რომელიც რუს „ნუვო რიჩებზე“ (ახალ მდიდრებზე) არის ორიენტირებული, გადაწყვიტა, საჯაროდ ეთამაშა აგრესიის სიმბოლიკით. ფუფუნებას უფრო კარგი სუნი ასდის, როცა ის სისხლით არის გაჟღენთილი, არა Louis Vuitton?!“ - წერს პოდოლიაკი.

Louis Vuitton-მა უკრაინის ხელისუფლების რეაქციის შემდეგ Instagram-ზე საპასუხოდ გამოაქვეყნა საფრანგეთის დროშის ფოტო წარწერით, „ისწავლე გეოგრაფია,“ თუმცა მოგვიანებით ჩანაწერი ამოიღეს.

უკრაინაში რუსული ოპერაციის დაწყების შემდეგ ფრანგული ბრენდების ჯგუფმა, LVMH-მა, რომელშიც მოდის სახლი, Louis Vuitton-იც შედის, რუსეთში 124-ვე მაღაზია დახურა. ასევე, LVMH-მა არაერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინელებს და ომით დაზარალებული ბავშვებისა და ოჯახების დასახმარებლად მილიონობით დოლარი გამოყო.

ჯგუფი 75 მოდის სახლს ფლობს. აქტივებს შორის არის შამპანურის მწარმოებელი, Moët & Chandon, Hennessy, საათების ბრენდი, Hublot, სამკაულების ბრენდი, Tiffany & Co. და სუნამოების მწარმოებელი, Guerlen. ჯგუფში შედის მოდის სახლები, Christian Dior, Louis Vuitton, Givenchy, Kenzo, Fendi, Marc Jacobs, ასევე, სადისტრიბუციო ქსელი, Sephora.

LVMH-ის გლობალურმა ბრუნვამ 2022 წლისთვის 79 184 მლრდ ევროს მიაღწია, რაც, წინა წელთან შედარებით, 23%-ით მეტია. ჯგუფის სუფთა მოგება 17%-ით გაიზარდა და 14 084 მლრდ ევრო შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ