Toblerone-ს შოკოლადის მწარმოებელი ბრენდის შეფუთვიდან მთა მატერჰორნის გამოსახულებას ამოიღებს

მატერჰორნის მთის გამოსახულება, რომელიც შვეიცარიის ცნობადი ტურისტული სიმბოლოა, Toblerone შოკოლადის ზოგიერთი შეფუთვიდან გაქრება, ვინაიდან 2023 წლის მესამე კვარტლიდან მისი წარმოება მოხდება არა მხოლოდ შევიცარულ ბერნში არამედ ბრატისლავაშიც. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Keystone ATS-ი შოკოლადის ქარხნის მფლობელ კომპანია Mondelez International-ის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

კომპანიამ განმარტა, რომ შეფუთვაზე მატერჰორნის ნაცვლად იქნება გამოსახული „მოდერნიზებული მთის ლოგო“ და ეს გამოწვეულია შვეიცარიის კანონმდებლობის მოთხოვნებით: თუ პროდუქტი არ არის დამზადებული შვეიცარიაში, მაშინ მის შეფუთვაზე არ უნდა იყოს გამოსახული ადგილობრივი ობიექტები. „მიზანია წმინდა შვეიცარიული ბრენდების დაცვა ბოროტად გამოყენებისგან და გრძელვადიანი სარგებლის უზრუნველყოფა შვეიცარიაში მწარმოებელი კომპანიებისთვის“, - აცხადებენ სააგენტოში. მათი განმარტებით, Mondelez International-ს არ დაუკონკრეტებია, დაკარგავს თუ არა Toblerone-ის ყველა პაკეტი Matterhorn-ის გამოსახულებას, თუ საუბარია მხოლოდ პროდუქტებზე, რომლებსაც სლოვაკეთის ქარხანაში დაამზადებენ.

გასულ ზაფხულს Mondelez International-მა გამოაცხადა, რომ 2023 წლის მესამე კვარტლიდან Toblerone წარმოება მოხდებოდა არა მხოლოდ ბერნში, არამედ ბრატისლავაშიც. ამის გამო პოპულარული შოკოლადის შეფუთვაზე ეტიკეტირება გარკვეულწილად შეიცვლება, თუმცა მასზე სიტყვა „შვეიცარია“ მაინც დარჩება. სლოვაკეთში პროდუქციის გამოშვებამ მოითხოვა შეფუთვაზე ეტიკეტირების კორექტირება. შვეიცარიის რეგულაციების თანახმად, შვეიცარიის ფარგლებს გარეთ წარმოებულ შოკოლადს არ შეიძლება ეწოდოს "შვეიცარიული". ამიტომ შეფუთვაზე წერია, რომ ბრენდი არის „დამზადებული შვეიცარიაში“.

როგორც საინფორმაციო პორტალი Swissinfo აღნიშნავს, შოკოლადის ფილების სამკუთხა ფორმის გარეგნობის შექმნის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად ის გამოიგონეს ალპებში პირამიდის ფორმის მატერჰორნის მთის მსგავსად. სხვა ვერსიით კი, მისი შექმნა შთაგონებული იყო ვარიეტეს მოცეკვავეების გამოსვლებით, რომლებიც სპექტაკლების ბოლოს ცოცხალ პირამიდას აშენებდნენ. ბრენდი Toblerone, რომელიც 1908 წელს თეოდორ ტობლერისა და ემილ ბაუმანის მიერ შეიქმნა, ბერნში 1909 წელს დარეგისტრირდა.

კოკა კვირკველია