ფრიდმანი და ავენი „ალფა-ბანკში“ თავიანთ წილს ჰყიდიან

სანქცირებული რუსი მილიარდერები, მიხაილ ფრიდმანი და პიოტრ ავენი მზად არიან, „ალფა-ბანკში“ თავიანთი წილი დიდი ხნის ბიზნესპარტნიორს, ანდრეი კოსოგოვს 178 მლრდ რუბლად (2,3 მლრდ დოლარად) მიჰყიდონ. ინფორმაციას Financial Times გარიგების დეტალების მცოდნე ოთხი პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, „რუსი ბიზნესმენები თავიანთი რუსული აქტივებიდან თავის დასაღწევად და სანქციების მოსახსნელად ყველაფერს აკეთებენ.“

ანდრეი კოსოგოვმა გამოცემას დაუდასტურა, რომ გარიგება შეთანხმებულია, თუმცა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა. თავად ფრიდმანი და ავენი გარიგებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ფრიდმანი და ავენი „ალფა-ბანკის“ 45%-ზე მეტს ლუქსემბურგული ჰოლდინგური კომპანია ABH Holdings-ის მეშვეობით ფლობენ. აქედან ფრიდმანის წილი 32,9%, ავენის კი 12,4%-ია. თავის მხრივ, ABH Holdings ბანკის კვიპროსულ დედაკომპანიას აკონტორლებს. ფრიდმანი და ავენი, ისევე, როგორც მათი პარტნიორები, გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი 2022 წელს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს დაექვემდებარნენ. ამის გამო ხანმა და კუზმიჩევმა ABH Holdings-ში თავიანთი წილი კოსოგოვს გადასცეს, რის შედეგადაც წილი 41%-მდე გაიზარდა.

Financial Times წერს, რომ გარიგება მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, თუმცა პირველ რიგში ის მარეგულირებლებთან, მათ შორის რუსეთის ცენტრალურ ბანკთან უნდა იყოს შეთანხმებული. ამასთან, შესაძლოა, საჭირო გახდეს აშშ-ისა და ევროკავშირის მარეგულირებლების ნებართვაც, რომლის მიღებაც, გამოცემის წყაროს ცნობით, გართულდება, ამიტომ გარიგების დასრულება შესაძლოა, შეფერხდეს.

„ალფა-ბანკის“ აქციონერებთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა წყარომ Forbes-ს განუცხადა, რომ ფრიდმანისა და ავენისთვის აქციების გაყიდვა ადვილი არ იქნება, რადგან ისინი აქციებს პირდაპირ კი არა, ლუქსემბურგული ჰოლდინგის მეშვეობით ფლობენ. ამასთან, საბანკო ჰოლდინგში ფრიდმანისა და ავენის კუთვნილი აქციები გაყინულია, რადგან მათი მფლობელები ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან და გასაყიდად მათ ევროკომისიისგან სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ.

Financial Times-ის ცნობით, თებერვალში, ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტის წინ, ABH Holdings-მა განაცხადა, რომ მარეგულირებელი, პოლიტიკური და რეპუტაციული შედეგების თავიდან ასაცილებლად „ალფა-ბანკი“ სასწრაფოდ უნდა ჩამოიშოროს. განცხადების მიხედვით, ბანკის ფლობა უკვე „ტოქსიკურია“ მისი ბენეფიციარებისთვის, რომლებიც „ცდილობენ, საერთაშორისო ინვესტორების სტატუსი შეინარჩუნონ.“ ლუქსემბურგული კომპანიის წილებს, ასევე, ფლობს იტალიური ბანკი, UniCredit და ონკოლოგიის ფონდი, რომელსაც „ალფა-ბანკის“ ყოფილი ტოპმენეჯერი ხელმძღვანელობს.

ევროკავშირმა ფრიდმანი და ავენი სანქციების სიაში უკრაინის ომის დაწყებისთანავე, 28 თებერვალს შეიყვანა. თავად „ალფა-ბანკი“ევროკავშირის სანქციების ქვეშ მეათე პაკეტში მოექცა.

რაც შეეხება ანდრეი კოსოგოვს, ის 1992-დან 1998 წლამდე „ალფა-კაპიტალის“ აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა, ხოლო 1998-დან 2005 წლამდე „ალფა-ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საინვესტიციო ბლოკის ხელმძღვანელი იყო. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კოსოგოვმა სანქციებისგან თავის დაღწევა მოახერხა, თუმცა უკრაინის ხელისფლების მიერ ის დასანქცირებულია. ანდრეი კოსოგოვმა 2022 წელს უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების რეიტინგში 76-ე ადგილი დაიკავა. მისი ქონება 1,2 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ