რა ნაბიჯები უნდა გქონდეთ გადადგმული კარიერული წინსვლისთვის 35 წლის ასაკში

თუ ჯერაც არ გაქვთ ყველა ეს თვისება გამომუშავებული, გირჩევთ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენი უნარების გამოსწორებაზე.

ისტორიას ახსოვს საკმაოდ ბევრი შემთხვევა, როცა ცნობილმა ადამიანებმა კარიერულ წარმატებას 35 წლის ასაკში მიაღწიეს. იან კუმმა WhatsApp 35 წლის ასაკში შექმნა, დჯიმი უიელსიმ კი ამავე ასაკში წამოიწყო "ვიკიპედია". თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეული უნარები ადრეულ ასაკში არ უნდა დახვეწოთ იმისთვის, რომ კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ.

Mashable აქვეყნებს იმ ნაბიჯების ჩამონათვალს, რომელიც უკვე გადადგმული უნდა გქონდეთ 35 წლის ასაკში. თუ ჯერაც არ გაქვთ ყველა ეს თვისება გამომუშავებული, გირჩევთ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენი უნარების გამოსწორებაზე.

იცოდეთ თქვენი სუპერძალა

ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იცოდეთ თქვენი ის ერთადერთი ძლიერი მხარე, რომლითაც მართლაც სხვებისგან გამორჩეული ხართ.

იცოდეთ თქვენი სისუსტეები

ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად ზუსტად და კარგად იცით, რაში მდგომარეობს თქვენი სისუსტე. ეს გჭირდებათ არა იმისთვის, რომ თავი უხერხულად იგრძნოთ ან რწმენა დაკარგოთ საკუთარ ძალებში, არამედ იმუშაოთ მის გამოსწორებაზე.

ისწავლეთ დელეგირება

არავის შეუძლია ყველა დავალების უხარვეზოდ შესრულება. თუმცა მაშინ, როდესაც კარიერულ პიკში ხართ, უნდა იცოდეთ, რა განსხვავებაა იმ საქმეებს შორის, რომელზეც დრო უნდა დაკარგოთ და რომელზეც არ ღირს დროის ფუჭი ხარჯვა.

განსაზღვროთ საქმეთა ჩამონათვალი, რომელსაც არასდროს შეასრულებთ

ცხოვრების განმავლობაში უამრავ შესაძლებლობას შეხვდებით, ამიტომ არაფერში გჭირდებათ ისეთ სამუშაოზე დათანხმება, რომელიც არ შეგეფერებათ. იყავით პატიოსანი საკუთარი თავის მიმართ: განსაზღვრეთ, რა გინდათ კარიერისგან და შეადგინეთ იმ საქმეთა ჩამონათვალი, რომლის შესრულებასაც არასდროს დათანხმდებით. ეს სია მაშინ გამოგადგებათ, როდესაც ახალი სამსახურის დაწყებას გადაწყვეტთ.

გააკეთეთ ის, რითიც მართლაც ძალიან ამაყობთ

მნიშვნელობა არა აქვს, აპირებთ თუ არა საკუთარი სახელის უკვდავყოფას ან უბრალოდ ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობთ, მაგრამ მთავარია, რეზიუმეში შეტანილი ყველა პუნქტი სიამაყით გავსებდეთ.

ისწავლეთ წარუმატებლობისგან

კარიერაში მარცხი თითქმის ყველას განუცდია. მთავარია, რომ განსაზღვროთ ეს შეცდომა და მომავალში გაითვალისწინოთ.

გააკეთეთ ის, რისიც მართლა გეშინიათ

გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან და ნუ შეგეშინდებათ ისეთი თამამი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც კონფერენციაზე საჯარო გამოსვლა ან ხელმძღვანელებისთვის ანაზღაურების მომატების თხოვნაა.

ისწავლეთ ფიდბექის მშვიდად მიღება

როგორც ერთხელ ჰილარი კლინტონმა თქვა, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ყველაზე ღირებული რჩევა ის არის, რომ მათ იცოდნენ - "მნიშვნელოვანია კრიტიკა სერიოზულად მიიღო და არა - პერსონალურად". ყოველი მკაცრი სიტყვის გულთან ახლოს მიტანა, თქვენს თვითშეფასებას სწრაფად გაანადგურებს.

თამამად თქვით - არა

ბევრი ჩვენგანისთვის ეს ყველაზე რთულად წარმოსათქმელი სიტყვაა. მაგრამ კარიერისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია დროულად შეგეძლოთ არას თქმა.

გყავდეთ იმ ადამიანების ჯგუფი, ვისაც ენდობით

არ გირჩევთ ნეთვორკინგის დაუფასებლობას. თქვენი ნეთვორკი - ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია თქვენივე კარიერისთვის. სწორი სამუშაო ურთიერთობების დამყარებას დროსა და ყურადღება სჭირდება, მაგრამ ეს ამად ღირს.

აკონტროლეთ თქვენი "ონლაინ ცხოვრება"

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სოციალურ ქსელში შექმნილი თქვენი პროფილი პირველ შთაბეჭდილებას ქმნის თქვენზე. ასე რომ, გამოყავით დრო და გაასუფთავეთ არასაჭირო ინფორმაციისგან თქვენი პროფილი. "ფეისბუქიდან " და "ტვიტერიდან" წაშალეთ პოსტები, რომელმაც შესაძლოა რამეში გამხილოთ.

გქონდეთ თქვენი პორტფოლიო

კარგი იქნება, თუ ერთად მოუყრით თავს თქვენს საუკეთესო ნაშრომებს, იქნება ეს სტატიები, წლიური ანგარიშები და მარკეტინგული კამპანიები. ასე უფრო გაგიადვილდებათ, აჩვენოთ თქვენს ხელმძღვანელს, რისი გაკეთება შეგიძლიათ.

იცოდეთ, როგორ გაყიდოთ (საკუთარი თავი ან რაიმე სხვა)

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასდროს გდომებიათ კარიერის აწყობა "ერთი ზარით". სიმართლე კი ის არის, რომ როდესაც დამსაქმებელს საკუთარ თავს სთავაზობთ და იმის დამტკიცებას ცდილობთ, რომ იდეალური ხართ კონკრეტული ვაკანსიისთვის, ამ დროს ცდილობთ რაღაცის გაყიდვას.

შეგეძლოთ მოლაპარაკებების წარმართვა

ხშირ შემთხვევაში, ეს ერთადერთი გზა არის იმისკენ, რაც ძალიან გინდათ და რასაც იმსახურებთ.

შეგეძლოთ საკუთარი აზრის დაცვა

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსობთან მოლაპარაკებისას.

შეგეძლოთ წერილების სწორად წერა

დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი პროფესიონალური წერილი მაღალ დონეზე არის შესრულებული.

დახვეწეთ ხელის ჩამორთმევა

ეს შესაძლოა, ერთი შეხედვით არცთუ ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელის სწორად ჩამორთმევა ყველაზე სწრაფი გზაა შთაბეჭდილების მოხდენისკენ. როგორც ერთ-ერთმა გავლენიანმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, როდესაც დადგა არჩევანის წინაშე მსგავსი კვალიფიკაციის მქონე ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი აერჩია, არჩევანი იმაზე გააკეთა, ვინც ხელის სწორად ჩამორთმევაში გამოირჩა.

განსაზღვრეთ ძილის ოპტიმალური გრაფიკი

და დაიცავით ეს გრაფიკი. გამოძინება აუცილებელია პროდუქტიული მუშაობისთვის. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სწორი გრაფიკის დაცვა.

შეგეძლოთ სტრესთან გამკლავება

რა თქმა უნდა, უმჯობესია ამას მარტო გაუმკლავდეთ. მაგრამ თუ საქმე შორს წავიდა, უარს ნუ იტყვით პროფესიონალის დახმარებაზე.

შეწყვიტეთ ყოველ წუთს მობოდიშება

შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ეს ხაზს უსვამს თქვენს ზრდილობას და კარგ რეპუტაციას, მაგრამ გადაჭარბებული მობოდიშებები, განსაკუთრებით უმნიშვნელო დეტალებზე, დროთა განმავლობაში ეჭვქვეშ დააყენებს თქვენს კომპეტენტურობას. ეცადეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიბოდიშოთ, როცა ამის საჭიროება მართლაც არსებობს.

წამოიწყეთ საკუთარი პროექტი

ცუდი არ იქნება, საკუთარი ძალები მოსინჯოთ იმაში, რის გაკეთებასაც მანამდე ვერ ბედავდით. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ შემოსავლის ახალ წყაროს მიაგნებთ, უარეს შემთხვევაში კი სამუშაო გამოცდილებას გაიმრავალფეროვნებთ.

მოახდინეთ ინვესტირება თვითგანვითარებაში

იმისათვის, რომ ყოველთვის იყოთ საკუთარი პროფესიის მწვერვალზე, მუდმივად უნდა "განაახლოთ" საკუთარი უნარები. ამისთვის კი სულაც არ არის საჭირო რომელიმე უნივერსიტეტში მეორედ ჩაბარება.

ზუსტად იცოდეთ, რა გინდათ ცხოვრებისგან

თუ 35 წლის ასაკისთვის შემოსავლიანი და შესაფერისი სამსახურის გინდათ რომ გქონდეთ, დაიწყეთ იმ სფეროების განსაზღვრით, რითი საქმიანობაც არ გინდათ, ასევე განსაზღვრეთ ის სამუშაო პირობები, რომელიც თქვენთვის მიუღებელია. იმის გარკვევა, რა არ გინდათ უფრო ადვილია, ვიდრე იმის, რაც გინდათ.

იმოძრავეთ სასურველი სამსახურის მიმართულებით

თუ უკვე განსაზღვრული გაქვთ კარიერული სურვილები, არ ღირს ერთი დღის დაკარგვაც კი - კარიერის აწყობას ბევრი დრო და ძალა სჭირდება, ამიტომ უმჯობესია, დაიწყოთ დღესვე.