„ანტიმიკრობული პრეპარატებით სურსათის დაბინძურება პრობლემად რჩება“

„ანტიმიკრობული პრეპარატებით სურსათის დაბინძურება პრობლემად რჩება,“ - ამის შესახებ momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ანგარიშში ამჯერად საუბარია კვერცხის ნიმუშების შემოწმებაზე, როგორც momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნულ ნიმუშებში მსგავსი ნივთიერებების შემცველობა არ დადასტურდა, თუმცა აღმოჩენილია სხვა ტიპის დარღვევები.

“კვერცხის უვნებლობის შესამოწმებლად ჩვენი კამპანიის ფარგლებში თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ სხვადასხვა ფერმების მიერ წარმოებული კვერცხის 8 ნიმუში და შევამოწმეთ სამი, სურსათში აკრძალული ანტიბიოტიკის შემცველობაზე. საბედნიეროდ, ამ ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლინდა.

შესამოწმებლად შევარჩიეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ამ დროისათვის ხელმისაწვდომია მაღაზიებში, დიდი ფერმების მიერ არის წარმოებული, მასობრივად იყიდება საქართველოს სავაჭრო ქსელში და ეტიკეტირებულია.

ნიმუშები შემოწმდა 3 ანტიბიოტიკის შემცველობაზე (მეტრონიდაზოლი, ქლორამფენიკოლი (იგივე ლევომიცეტინი) და ნიტროფურაზონი), რომლებსაც არ შეიძლება, რომ სურსათი შეიცავდეს და მიუხედავად ამისა, ჩვენი ინფორმაციით, მეცხოველეობაში მაინც გამოიყენება.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სულ რეგლამენტირებულია (ანუ გარკვეული ოდენობებით დაშვებულია) ასეულობით ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება (მათ შორის ანტიბიოტიკის) შემცველობა სურსათში, ხოლო 9 ნივთიერება საერთოდ აკრძალულია.

შემოწმება ჩატარდა ლაბორატორია გლობალტესტში, რომელსაც გააჩნია სახელმწიფო აკრედიტაცია ცხოველური წარმოშობის სურსათში ანტიბიოტიკების შემოწმებაზე. სურსათის ეროვნული სააგენტო წლების მანძილზე აღნიშნული სახის კვლევებს სწორედ ამ ლაბორატორიაში ახორციელებს. მომსახურების ფასიც შედარებით ხელმისაწვდომია.

სასიხარულოა, რომ ჩვენს მიერ შემოწმებული ნივთიერებები კვერცხში არ აღმოჩნდა. თუმცა, ანტიმიკრობული პრეპარატებით (მათ შორის, ანტიბიოტიკებით) სურსათის დაბინძურება პრობლემად რჩება და ამ საკითხს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, კვლავაც თვალს მივადევნებთ.

ეტიკეტირების დარღვევები აღმოჩნდა ორ ნიმუშზე. შპს „მწვანე ფერმის“ კვერცხზე დატანილი იყო ტერმინი „ორგანული“, თუმცა, ფირმას არ აღმოაჩნდა სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მისი პროდუქცია „ბიოწარმოების სპეციალური წესის შესაბამისად“ იყო დამზადებული.

სპეციალურად „გუდვილისათვის“ დამზადებული „რა კარგია“ კვერცხის მწარმოებელ ფირმას შპს „ეკო კვერცხს“ კი არ ჰქონდა გავლილი სურსათის ეროვნული სააგენტოს წინასწარი შემოწმება (აღიარება), რაც საქართველოს კანონმდებლობითაა მოთხოვნილი ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოს საქმიანობის დაწყებამდე.

საქართველოს კანონმდებლობის თანხმად, სურსათის ეტიკეტზე ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციით დასატანად, პროდუქტი ბიოწარმოების სპეციალური წესის შესაბამისად უნდა იყოს წარმოებული და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა მიიღოს. სურსათის ეტიკეტზე კი მითითებული უნდა იყოს სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და/ან ლოგო.

ზემოაღნიშნული პროდუქტების ეტიკეტებზე არ იყო სერტიფიკაციის ორგანოს რეკვიზიტები მითითებული. ასე რომ, გაურკვეველია რამდენადაა ეს პროდუქცია მართლაც „ორგანული“, ან „ეკოლოგიური“.

გაიგზავნა წერილები სეს-ში (წერილი სეს-ს) და მეწარმეებთან (წერილი "მწვანე ფერმას"; წერილი "გუდვილს"),”-ნათქვამია ინფორმაციაში.

თაია არდოტელი