ექნება თუ არა Silicon Valley Bank-ის კოლაფსს დომინოს ეფექტი

აშშ-ს საბანკო სექტორში რთული პერიოდია. გასულ კვირას ქვეყნის სიდიდით მე-16 ბანკი - Silicon Valley Bank (SVB) გაკოტრდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია ტექნოლოგიურ სამყაროში.

SVB-ის ჩამოშლას წინ კიდევ ერთი კრიპტობანკის, Silvergate Capital Corp-ის გაკოტრება უძღოდა. მიუხედავად იმისა, რომ SVB-ის აქტივები აშშ-ს სხვა მსხვილ ბანკებთან შედარებით მცირეა და 209 მილიარდ დოლარს შეადგენს, განსხვავებით JPMorgan-ის 3 ტრილიონისგან, მისმა კრახმა მაინც გააჩინა მრავალი რისკი.

ერთ-ერთი, რაზეც ბანკების ჩაშლამ გავლენა იქონია, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა, რომელსაც ზრდის ტენდენცია ჰქონდა და წინა თვეში 0.5 პროცენტული პუნქტით მოიმატა. თუმცა, სამომავლო გაურკვევლობა ხალხს სახლის ყიდვისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს და ბევრისთვის შეძენის ხარჯებს ხელმიუწვდომლად ტოვებს.

Freddie Mac-ის მონაცემებით, იპოთეკური სესხის 30-წლიანი ფიქსირებული განაკვეთი 16 მარტისთვის 6.60%-ს, ერთი კვირით ადრე კი 6.73%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ერთი წლით ადრე მაჩვენებელი 4.16% იყო.

2022 წლის ნოემბერში 7.08%-მდე გაზრდის შემდეგ, განაკვეთები თანდათან მცირდებოდა, თუმცა თებერვალში კვლავ ზრდა დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფედერალური რეზერვი ინფლაციასთან საბრძოლველად რეფინანსირების განაკვეთს ისევ გაზრდიდა.

„საფინანსო სისტემის ტურბულენტობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს განაკვეთებზე და ამით სესხებით მოსარგებლეებს სარგებლის მიღება შეუძლიათ მოკლევადიან პერიოდში“, - ამბობს Freddie Mac-ის წამყვანი ეკონომისტი, სემ ქათერი.

გასული კვირის დასაწყისში ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომი პაუელმა განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება აუცილებელი იქნებოდა ინფლაციის მოსათოკად, რამაც აქციების ვარდნა გამოიწვია. ახლა კი ეკონომისტები ნაკლებად მოელიან, რომ ამ სტრესულ ვითარებაში მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრდება და განაკვეთების 1%-ით დაწევას პროგნოზირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა გადამწყვეტი ზომები მიიღეს SVB-ის კოლაფსის ეფექტების გავრცელების შესაკავებლად, რისკები კვლავ არსებობს, არა მარტო ამერიკაში, არამედ სხვა კონტინენტებზეც.

დანარჩენ ბანკებზე ეფექტის გავრცელების შეჩერებისთვის, საქმეში აშშ-ს ფინანსური რეგულატორი ჩაერთო, რომლის თანახმადაც, ყველა კლიენტს საკუთარ დეპოზიტებზე წვდომა ორშაბათიდან აქვს.

ამბავს ქვეყნის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამერიკელ ხალხსა და ბიზნესებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, რადგან მათი საბანკო დეპოზიტები ადგილზე იქნება, როდესაც ის მათ დასჭირდებათ“.

მართალია, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ SVB უმსხვილესი ბანკია, რომელმაც კოლაფსი განიცადა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან იმგვარი ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს, რომელმაც Lehman Brothers-ი გააკოტრა.

დღეს ამერიკული საბანკო სექტორი უფრო მეტად რეგულირებულია და ბანკები ფინანსურად ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე 2008 წელს. თუმცა, ფაქტია, რომ ფინანსურ სექტორს პრობლემები ექმნებათ მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკები საპროცენტო განაკვეთების ზრდას იწყებენ და ეს პრობლემები მხოლოდ ორი ბანკის კრახით არ შემოიფარგლება. სარეიტინგო კომპანია Moody უკვე აპირებს შეუმციროს 6 ამერიკულ ბანკს რეიტინგი, მათ შორისაა, First Republic Bank, Zions Bancorporation და Western Alliance Bancorp.

რაც შეეხება სხვა კონტინენტებს, ევროპული ეკონომიკის კომისიის წევრი, პაოლო ჯენტილონი ამბობს, რომ ჯერ კიდევაა არაპირდაპირი გავრცელების საფრთხე, თუმცა ამის სერიოზული რისკი არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse AG-ის აქციები რეკორდულად, 15%-ით გაუფასურდა, ხოლო ბონდების დეფოლტისგან დაზღვევის ხარჯებმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. მოგვიანებით, Credit Suisse-მა ეროვნული ბანკისგან 54 მილიარდი დოლარი ისესხა.

გერმანიის ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ SVB-ის გერმანულ ფილიალზე მორატორიუმი გამოაცხადა, შეაჩერა გადახდები და განაცხადა, რომ ფინანსურ სტაბილურობას ეს საფრთხეს ვერ შეუქმნის.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ, მიეყიდა SVB-ის ლონდონის ფილიალი HSBC-სთვის, დეპოზიტორები აქაც დააზღვია.

ორშაბათს EURO STOXX-ის საბანკო ინდექსი, რომელიც თვალს ადევნებს უმთავრესი ევროპული ბანკების აქციებს, 1 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა, თუმცა დანაკარგები მალევე აღიდგინა და 2.7%-იანი ზრდა დააფიქსირა.

„ევროპულ და ამერიკულ საბანკო სისტემებს შორის მთავარი განსხვავება, რომელიც შეზღუდავს ეფექტის გავრცელებას, არის ის, რომ ევროპული ბანკები ნაკლებ ობლიგაციებს ფლობენ და დეპოზიტები მათთან უფრო სტაბილურია“, - ამბობენ Moody-ში.

აღსანიშნავია, რომ ზარალი სხვა ამერიკული რეგიონული ბანკების გარდა, აზიურ ბაზარსაც შეეხო. ხუთშაბათს აზია-წყნარი ოკეანის MSCI ფინანსური ინდექსი 2.7%-ით შემცირდა და 29 ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. 8.3%-ით შემცირდა Mitsubishi UFJ Financial Group Inc.-ის ღირებულებაც იაპონიაში, სამხრეთ კორეის Hana Financial Group Inc. 4.7%-ით, ხოლო ავსტრალიური ANZ Group Holdings Ltd. 2.8%-ით გაუფასურდა.

მიუხედავად ამისა, როგორც Moody-ის საინვესტიციო სერვისში ამბობენ, აზიურ ბანკებში SVB-ის კოლაფსის ნეგატიური ეფექტი ნაკლებად გავრცელდება, რადგან მათი დეპოზიტების დიდი ნაწილი, დაახლოებით, 90% არა ობლიგაციებში, არამედ სესხებშია ინვესტირებული.

SVB-ის კოლაფსის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ბანკმა 2020 წელს, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ოქროს პერიოდში, სტარტაპებისგან მიღებული დიდი ოდენობით დეპოზიტების მხოლოდ მცირე ნაწილი დაიტოვა ნაღდი ფულის სახით, დანარჩენი კი სახაზინო ობლიგაციების შესაძენად გამოიყენა. როდესაც ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთების ზრდა დაიწყო, ერთ დროს თითქოსდა უსაფრთხო ინვესტიციები ნაკლებად მიმზიდველი გახდა, რადგან მთავრობამ ახალი ობლიგაციები გამოუშვა, რომლებმაც უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია.

საქმე ისაა, რომ განაკვეთების ზრდა ობლიგაციებზე უარყოფითად მოქმედებს და მათი ფასების კლებას იწვევს. Fed-ის მიერ აგრესიული მონეტარული პოლიტიკის არჩევის შემდეგ კი ბანკის პორტფელის ღირებულება საგრძნობლად შემცირდა. შეფერხდა სტარტაპების დაფინანსება, რამაც ბანკის კლიენტებს აიძულა თანხის სასწრაფოდ გამოტანა დაეწყოთ. მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი ბანკს საკუთარი ინვესტიციების ბევრად უფრო იაფად გაყიდვა მოუწია, ვიდრე ნაყიდი ჰქონდა.

ბოლოს, უნდა ითქვას ისიც, რომ SVB-ის კოლაფსს აუცილებლად ექნება გავლენა სტარტაპ ეკოსისტემასა და ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რადგან მათ საკუთარი საქმიანობის განსავითარებლად დაფინანსების მოძიება გაუძნელდებათ.

კახი ჩაკვეტაძე