Microsoft-ი აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს დაასაქმებს

"მაიქროსოფთში" პირველ ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმებას გეგმავენ.

მულტინაციონალური ტექნოლოგიების გიგანტი "მაიქროსოფთი" აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს დაასაქმებს.

Huffington Post-ის ცნობით, კომპანია ინკლუზიური სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

"მაიქროსოფთის" წარმომადგენელთა განცხადებით, კომპანია საპილოტე პროგრამის გაშვებას მაისში გეგმავს და პროგრამის ფარგლებში ვაშინგტონში მდებარე სათავო ოფისში აუტიზმის მქონე ადამიანებს სრულ განაკვეთზე დაასაქმებს. "მაიქროსოფთში" პირველ ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმებას გეგმავენ.

"მაიქროსოფთი უფრო ძლიერი გახდება, თუ შესაძლებლობებს გავზრდით და სამუშაო ადგილის დივერსიფიცირებას მოვახდენთ. აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს მოაქვთ სიძლიერე, რაც "მაიქროსოფთში" გვჭირდება. თითოეული ადამიანი არის განსხვავებული, ზოგს ინფორმაციის დამახსოვრების გასაოცარი შესაძლებლობები აქვს, დეტალებში და სიღრმისეულად აზროვნებს", - დაწერა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, მერი ელენ სმიტმა "მაიქროსოფთის" ბლოგზე.

მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანიის ახალი პროგრამა იმ მასშტაბური კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უფრო მეტი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანის დასაქმებას.

"მაიქროსოფთის" მსგავსი ინიციატივით გასულ წელს გერმანული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი SAP-იც გამოვიდა. აღნიშნულ კომპანიაში აცხადებენ, რომ 2020 წლისთვის მათ 650 აუტიზმით დაავადებული ადამიანი ეყოლებათ დასაქმებული, რაც მათი თანამშრომლების 1 პროცენტი იქნება.

აუტიზმით დაავადებული ადამიანების გადამზადებასა და მათთვის სამსახურის პოვნას დანიური კომპანია Specialisterne უზრუნველყოფს.