მარტში ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 8.1%-ით გაიზარდა

2015 წლის მარტში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 4 465 ერთეული შეადგინა

მარტში, წინა თვესთან შედარებით, რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 8.1%-ით გაიზარდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მარტში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 4 465 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.2% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.8% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 1.020 დონეზე დაფიქსირდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტში ზრდა დაფიქსირდა წინა თვესთან (8.1%-ით) შედარებით, ხოლო კლება - წინა წლის იმავე თვესთან (5.5%-ით) შედარებით.

2015 წლის მარტის თვეში წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა როგორც სამეწარმეო სუბიექტების (7.4%-ით), ისე არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა (27.8%-ით). განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით - მარტის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 6.1%-ით შემცირდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 14.9%-ით გაიზარდა.

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 1.011 და 1.339 დონეებზე დაფიქსირდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარტის თვეში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 442 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 54.7%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 690 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 37.8%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 92.5% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 168 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 150 კოოპერატივი, 9 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 4 სააქციო საზოგადოება და 2 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი.