„არასწორია მოსაზრება, თითქოს ომის დაწყების შემდეგ ჩვენთან ტვირთნაკადის მოზღვავებაა“ - რატომ ვერ აითვისა საქართველომ სათანადოდ პოტენციალი

არასწორია მოსაზრება, თითქოს, ომის დაწყების შემდეგ, ჩვენთან ტვირთნაკადის მოზღვავებაა. პირიქით, ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შესაძლებლობები - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მართალია ომის შემდეგ საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვნად არა.

„მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ტვირთნაკადი, რომელმაც საქართველოზე გაიარა. რიცხვებით თუ ვისაუბრებთ, ზრდა არ არის ხელშესახები ჩვენს დერეფანში. საქართველოს რკინიგზაზე 2021 წელს თუ შევადარებთ ზრდა არის, თუმცა 15-20%. ეს მაღალ ტვირთნაკადად ვერ ჩაითვლება. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ 2021 ნაწილობრივ პანდემიური იყო. საქართველოს პორტებში ზრდა დაახლოებით 13-17%-ია. საავტომობილო ტრანსპორტშია უფრო დიდწილად მატება. ტრანზიტი 40-45%-ით გაიზარდა.

2022 წლის მარტიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების და თანამეგობრობების სხვა სანქციებმა მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის ტვირთნაკადი. დაახლოებით, 70-80%-ით. მაგრამ შემდეგ რუსეთმა მისი სატელიტი ქვეყნების მეშვეობით (ინდოეთი, ჩინეთი, ირანი, სომხეთი, ბელარუსი...) დაკარგული ტვირთნაკადი დააკომპენსირა. საქართველოდანაც ძალიან აქტიურად პარალელექსპორტი ხორციელდება რუსეთში სომხეთის გავლით. ზემოთ აღნიშნულმა ექსპორტის შეზღუდვამ, რაც აშშ-მა, ევროკავშირმა და იაპონიამ რუსეთს დაუწესეს, სხვა დერეფნებზე დაწოლა გააძლიერა. საქართველო კი ამ ფონზე, არ აღმოჩნდა აქტუალური. რუსეთმა დაიკმაყოფილა იმპორტის მოთხოვნილება სხვა გზებით და რა მოლოდინიც არსებობდა, რომ ჩვენთან ტვირთნაკადი გაორმაგდებოდა, ვერ განხორციელდა. ამიტომ ვთვლი, რომ არასწორია მოსაზრება, თითქოს, ომის დაწყების შემდეგ, ჩვენთან ტვირთნაკადის მოზღვავებაა. პირიქით, ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შესაძლებლობები. ეს ცხადია, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მეტად განაპირობა და არ ვთვლი, რომ საქართველოს ბრალია, რომ მოლოდინი სრულად ვერ გამართლდა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი