აშშ დარწმუნებულია, რომ რუსეთს და ჩინეთს დოლარის ალტერნატივის შექმნა გაუჭირდებათ

რუსეთი და ჩინეთი მოტივირებულნი არიან, შექმნან დოლარის ალტერნატივა, მაგრამ ამის მიღწევა უკიდურესად რთული იქნება. აშშ-ს ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ დოლარი კიდევ დიდხანს იქნება მსოფლიო სარეზერვო ვალუტა. ეს მოსაზრება ხუთშაბათს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გამოთქვა.

"რა თქმა უნდა, მინდა, რომ დოლარი დარჩეს მსოფლიო სარეზერვო ვალუტად. რუსეთს და ჩინეთს აქვთ მოტივაცია, შეეცადონ განავითარონ სხვა სისტემა, რომელიც თავიდან აიცილებს დოლარის გამოყენებას. მაგრამ ეს არის ის, რისი მიღწევაც ძალიან რთულია. და მე დარწმუნებული ვარ, რომ დოლარი კიდევ დიდხანს დარჩება მსოფლიო სარეზერვო ვალუტად, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, შეიქმნას სისტემები მისი გვერდის ავლით“, - განაცხადა ფინანსთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

მანვე დასძინა, რომ აშშ "მნიშვნელოვნად სარგებლობს დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის არსებობით". ”ეს მნიშვნელოვანი გზაა სესხების ღირებულების შესამცირებლად, რომელსაც ფედერალური მთავრობა იხდის თავის ვალზე. და მე ვამტკიცებ, რომ სანქციების დაწესებისას და გლობალური პრობლემების გადაჭრის მცდელობისას, როგორიცაა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ის ფაქტი, რომ დოლარი ასე ფართოდ გამოიყენება ტრანზაქციებში, აადვილებს ჩვენს შესაძლებლობას დავაწესოთ სანქციები“, - თქვა ილენმა.

მას ჰკითხეს, რას გრძნობს მულტიპოლარული სამყაროს შექმნის შესახებ. "მე კომენტარს არ გავაკეთებ მრავალპოლარულ სამყაროზე, რადგან არ ვიცი ზუსტად რას გულისხმობთ ამაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან, რათა უზრუნველყონ ამერიკული ბიზნესისთვის სამართლიანი მოპყრობა საერთაშორისო ვაჭრობაში", - უპასუხა მინისტრმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რუსმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრმა ალექსეი მოჟინმა განაცხადა, რომ მხოლოდ BRICS-ის ქვეყნებს (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) შეუძლიათ საერთაშორისო სავალუტო სისტემის რეფორმის პროცესის დაწყება. შექმნილ ვითარებაში მან საერთაშორისო სავალუტო სისტემის რეფორმირებისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი უწოდა დოლარის ჰეგემონიას. მისი თქმით, „აშშ-ს, როგორც ფონდის მთავარ აქციონერს, არ აქვს სურვილი განიხილოს მოქმედი საერთაშორისო სავალუტო სისტემის რეფორმა, მისი ხარვეზები და არ უშვებენ ამის მცდელობებს. მას სჯერა, რომ დასაწყისისთვის, "BRICS-ის ქვეყნებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი სააღრიცხვო ერთეული, მათი ხუთი ვალუტის კალათის საფუძველზე" - რ5 (ვალუტების პირველი ასოებით - რუბლი, რენმინბი (იუანი), რუპია, რეალი და რანდი).

კოკა კვირკველია