გორის მუნიციპალიტეტში ქარის სადგურების მშენებლობა დაიწყება

ბუნებრივი აირის ქსელში ჩაირთვება შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფელი

ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში ხელისუფლება ქარის სადგურების მშენებლობას იწყებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" პროექტის ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბუნებრივი აირის ქსელში ჩაირთვება შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფელი. ასეთია გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის მუნიციპალიტეტის 50-ზე მეტი სოფელი.

"დამეთანხმებით, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას ცხოვრების ადამიანური პირობები. შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში მოსახლეობას წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი, დღეს კი 16 ათას ოჯახს მიეცა ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. თანამედროვე ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 18 ათასზე მეტ ოჯახს, რის შედეგადაც მოსახლეობა გაუმჯობესებულ მომსახურებას იღებს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს - "სინათლე ყველა სოფელს", რომლის საშუალებითაც ჩვენ წლების განმავლობაში უშუქოდ დარჩენილ სოფლებს უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიით. ამ პროექტის შედეგია ის, რომ შიდა ქართლის 7 სოფელს დღეს დენი მიეწოდება - ეს სოფლები 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა სანთლის შუქზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში ხელისუფლება წელს ქარის სადგურების მშენებლობას იწყებს. მისივე თქმით, ეს არის 30 მილიონ აშშ დოლარიანი პროექტი.

"გეტყვით იმასაც, რომ შიდა ქართლში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა 16 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ჯანდაცვას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეგიონში 18 ათასამდე ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას.

"შიდა ქართლს ჩვენ გადავეცით 14 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, ავაშენეთ 22 ამბულატორია. რეგიონის მოსახლეობისთვის ეს იყო აუცილებელი ღონისძიებები. გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ჯანდაცვის სფეროში, რომელიც მინდა გაცნობოთ. რამდენიმე დღის წინ მთავრობამ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ხელი მოაწერა გრძელვადიან ხელშეკრულებას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან, იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნული ჯანდაცვის სისტემა გახდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი და დააკმაყოფილოს ყველა თანამედროვე მოთხოვნა. მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი უკვე შეუდგა მუშაობას ჯანდაცვის თვისობრივად ახალი ინსტრუმენტების შექმნისა და დანერგვის მიზნით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაინერგება ჯანდაცვის მართვის ინოვაციური სისტემა და ყველა მოქალაქეს საშუალება ექნება, რეალურად დაინახოს და იგრძნოს ამ მოდელის მოქმედება - დაწყებული სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობით, ხარისხითა და სამკურნალო პრეპარატების ხელმისაწვდომობით, და პროფილაქტიკითა და რეაბილიტაციით დამთავრებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ააშენა 2 სკოლა, აღადგინა 145 სკოლა, ასევე გორის სასწავლო უნივერსიტეტი. მიმდინარე წლიდან დაგეგმილია 26 სკოლის აღდგენა და 5 ახალი სკოლის პროექტირება.