Pepsi 1970-80-იანი წლების ლოგოს აბრუნებს

ამერიკულმა კომპანია PepsiCo-მ გაზიან სასმელ Pepsi-ს ლოგო 15 წლის განმავლობაში, 2008 წლის შემდეგ პირველად განაახლა. ლოგო კომპანიის 125 წლის იუბილის წინ იცვლება. ინფორმაციას გაზეთი USA Today ავრცელებს.

ახალ ლოგოზე დასახელება, „PEPSI“ სქელი შავი ასოებით წერია, რომელიც წრის ცენტრში, ტალღოვან თეთრ ზოლზე არის მოთავსებული. წრეში ზედა ნაწილზე წითელი, ხოლო ქვედა ნაწილზე ლურჯი ზოლი არის გამოსახული.

ახალი სასაქონლო ნიშანი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გამოყენებული ლოგოს იდენტურია, თუმცა მისგან განსხვავებით უფრო მუქი წითელი და ლურჯი ჩრდილები აქვს. PepsiCo-ს მთავარი დიზაინერის, მაურო პორჩინის თქმით, ლოგო იმიტომ შეიცვალა, რომ მას მეტი „ენერგია, თავდაჯერებულობა და გამბედაობა“ მიეცეს.

მისი შეფასებით, ახალი ლოგოს მხატვრული გამოსახულება არა მხოლოდ მიწოდების სატვირთო მანქანებზე, ქუდებსა და საქონელზე, არამედ ონლაინ და ვიდეოანიმაციებშიც არის შესაძლებელი.

„ის ჰგავს სამკერდე ნიშანს, რომლის ტარებაც შეგიძლიათ და მეტად შეესაბამება ვიზუალური კომუნიკაციის უახლეს ტენდენციებს,“ - აცხადებს მაურო პორჩინი.

მისი თქმით, ახალი ლოგო ციფრულ სამყაროს უკეთესად შეეფერება და „მუსიკისა და სპორტის სამყაროში ლიცენზირების გაუთავებელი პოტენციალი აქვს.“ კონკურენტულ ბაზარზე უფრო ადაპტირებადი მესიჯები არის მნიშვნელოვანი.

ბაზრის კვლევის კომპანია Euromonitor International-ის მიხედვით, აშშ-ში გაზიანი სასმელების გაყიდვების მთლიან მოცულობაში PepsiCo-ს წილი 22,9%-ს შეადგენს, მაშინ, როცა Coca-Cola-ს წილი 43,4%-ია. Coke-მ ბაზრის წილი 2021 წლის 42,7%-დან გაზარდა, ხოლო Pepsi-მ პირიქით, მაშინდელი 24,2%-დან შეამცირა.

კომპანია ბრენდინგის გადახედვას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეწევა. მარკეტინგის მთავარი ოფიცრის, ტოდ კაპლანის თქმით, ფოკუს-ჯგუფებს წარსული ლოგოები, რომელზეც სიტყვა „ PEPSI “ გლობუსის შიგნით არის მოთავსებული, მეტად მოეწონათ. ამასთან, მომხმარებელთა კვლევამ 70-იანი და 80-იანი წლების ლოგოების უპირატესობა აჩვენა.

„გამოწვევა იყო ის, თუ როგორ დაგვეპროექტებინა აწმყოსა და მომავალთან შესაბამისობაში ჩვენი მემკვიდრეობისა და წარსულის ნაწილი,“ - აცხადებს ტოდ კაპლანი.

ახალი დიზაინის Pepsi-ს გაყიდვა შეერთებულ შტატებსა და კანადაში წლევანდელ შემოდგომაზე, ხოლო გლობალური გაყიდვები მომავალი წლიდან დაიწყება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ