ზეთსა და მზესუმზირაზე ფასები იკლებს - რუსი დეპუტატები საექსპორტო გადასახადის გაუქმებას მოითხოვენ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტში ფასების კლების გამო მზესუმზირის მარცვალზე საექსპორტო გადასახადის გაუქმება მოთხოვეს. ინფორმაციას სააგენტო RBC ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ფასების კლებაში ფერმერები მზესუმზირის ზეთის გადამამუშავებელ საწარმოებს ადანაშაულებენ, თუმცა საექსპორტო ფასები ზეთზეც მკვეთრად დაეცა.

ვიცეპრემიერ ვიქტორია აბრამჩენკომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სთხოვა, შეიმუშაოს დეპუტატების წინადადება მზესუმზირის მარცვალზე საექსპორტო გადასახადის დროებით გაუქმების შესახებ. ასეთი თხოვნით ვიცეპრემიერს სახელმწიფო სათათბიროს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ჯერ კიდევ 22 მარტს მიმართა, ხოლო აბრამჩენკოს აპარატმა წერილი განსახილველად სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებს გადაუგზავნა.

დეპუტატები მზესუმზირის ექსპორტის სტიმულირებას მოითხოვენ, რადგან მწარმოებლებს მოსავლის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ. კერძოდ, მარტის დასაწყისიდან ამ მოსავლის საშუალო შესყიდვის ფასი ტონაზე 25%-ით, 22 100 რუბლამდე (284 დოლარამდე) დაეცა, რაც ერთი წლის წინანდელ ანალოგიურ პერიოდზე 37%-ით ნაკლებია.

ფერმერები აცხადებენ, რომ მზესუმზირის შესყიდვის ფასი ზეთის მწარმოებლებმა შეამცირეს, რითიც „გრძელვადიანი კონტრაქტები დაარღვიეს.“ შედეგად, „შემგროვებელ პუნქტებზე ასობით ავტომობილის რიგი გაჩნდა, რომელშიც ისინი შვიდიდან რვა დღემდე დგანან.“ ასეთი ვითარება შეუძლებელს ხდის ადრე დადებული ხელშეკრულებების დროულად შესრულებას და ფერმერების მიერ სესხების დროული დაფარვის რისკს ზრდის, რამაც შესაძლოა, გაკოტრების სერია გამოიწვიოს.

დეპუტატები შიშობენ, რომ ფერმერები მომავალ სეზონზე ზეთოვანი კულტურების მოყვანას შეამცირებენ და ქვეყანას მზესუმზირის არასაკმარისი მოსავალი ექნება, მითუმეტეს, გასული წლის მოსავლის მესამედი ჯერ არ გაყიდულა. ამდენად, სახელმწიფო დუმის აგრარულ საკითხთა კომიტეტი მოითხოვს, გასული წლის მოსავლის მზესუმზირის მარცვალზე საექსპორტო გადასახადი რამდენიმე თვის განმავლობაში, მიმდინარე წლის 31 ივლისამდე გაუქმდეს.

ამჟამად საზღვარგარეთ მზესუმზირის მიწოდების საექსპორტო გადასახადი საბაჟო ღირებულების 50%-ს შეადგენს, რომელიც 31 აგვისტომდე მოქმედებს.

რაც შეეხება მზესუმზირის ზეთს, რუსეთის ზეთისა და ცხიმპროდუქტების მწარმებელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ მალცევი აცხადებს, რომ გასული ივნისიდან ამ პროდუქტზე მსოფლიო ფასები სტაბილურად იკლებს, რაც პანდემიის შედეგებთან ბრძოლაში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ჭარბი ლიკვიდობის „ბუშტის ჩაბერვამ“ გამოიწვია. კერძოდ, ბანკებმა მიმოქცევაში 10 ტრლნ დოლარზე მეტი ფული და ფასიანი ქაღალდები გამოუშვეს. ამასთან, მალცევის შეფასებით, მზესუმზირის რეკორდული მოსავლის, ასევე, უკრაინის მხრიდან დემპინგისა და თურქეთის მიწისძვრების შედეგად შესყიდვების დროებითი შემცირების გამო ზეთის ბაზარმა კიდევ უფრო დიდი ზეწოლა განიცადა.

გასულ კვირას მზესუმზირის ზეთის მსოფლიო ფასი ტონაზე 25%-ით, 1050-დან 800 დოლარამდე დაეცა. საექსპორტო ფასის მკვეთრი ვარდნის ფონზე მზესუმზირის ზეთის შესყიდვებიც შეჩერდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ