გერმანული Rheinmetall რუმინეთში უკრაინის სამხედრო ტექნიკის შესაკეთებელ ჰაბს ქმნის

იარაღის გერმანული მწარმოებელი, Rheinmetall რუმინეთში სამხედრო-ტექნიკური მომსახურებისა და ლოგისტიკის ჰაბს აშენებს, რომელიც უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის შეკეთებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სამხედრო-ტექნიკური მომსახურების ჰაბი რუმინეთის ქალაქ სატუ მარეში მიმდინარე თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „უკრაინაში გამოყენებული დასავლური საბრძოლო სისტემების ოპერატიული მზადყოფნის, ასევე, ლოგისტიკური მხარდაჭერის ხელმისაწვდომობისთვის სერვის-ჰაბმა ცენტრალური როლი უნდა შეასრულოს.“

ჰაბი უკრაინის საზღვართან განთავსდება და თვითმავალ ჰაუბიცებს, ასევე, Leopard 2-ისა და Challenger-ის ტანკებს, ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა Marder-ებს, Fuchs-ის ჯავშანტრანსპორტიორებსა და სამხედრო სატვირთო მანქანებს მოემსახურება.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, არმინ პაპერგერი აცხადებს, რომ „NATO-ს და უკრაინის შეიარაღებული ძალების საუკეთესო მხარდაჭერა Rheinmetall-ის მთავარი გამოწვევაა.“

2022 წლის ივნისში Rheinmetall-მა მსგავსი ჰაბი ლიეტუვაში დააარსა, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში NATO-ს ტექნიკის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას Rheinmetall-ის დირექტორი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მანამდე, ასევე, ცნობილი გახდა, რომ კონცერნი უკრაინაში სატანკო ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს მართავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ