„ჩვენი ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ გადაერთო ევროპული მიმართულებით“ – „თუ დივერსიფიკაცია არ მოხდა, შედეგი იქნება სავალალო“

„მომავალ წელს 10 წელი ხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან და რეალურად თუ შევხედავთ იმ ციფრებს, რომელიც დღეს გვაქვს, ეს არ არის ის, რისთვისაც ვილტვოდით, რომ უფრო მეტი ყოფილიყო შედეგი“,- ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა სანდრო ჭუმბურიძემ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ დიდია ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი, შესაბამისად, ადგილობრივი ბიზნესი ვერ გადაერთო ევროპული მიმართულებით, რაც სავალალო შედეგის მომტანია.

„2014 წელს, როდესაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას შევუერთდით, მე პირადად ასეთ განწყობა მქონდა, რომ რამდენიმე წელიწადში იმ ნიშას, რომელიც ჩვენ უნდა გვქონოდა ევროკავშირის მასშტაბით, ადვილად დავიკავებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არის საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესი. უკვე მომავალ წელს 10 წელი ხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან და რეალურად თუ შევხედავთ იმ ციფრებს, რომელიც დღეს გვაქვს, ეს არ არის ის, რისთვისაც ვილტვოდით, რომ უფრო მეტი ყოფილიყო შედეგი. იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ექსპორტის დაახლოებით 12% არის ევროკავშირის, დსთ-ს ქვეყნები მოიცავს დაახლოებით, 58%-ზე მეტს, და სხვა ქვეყნები - 29%-ს. ეს არის საკმაოდ არასახარბიელო ციფრი და განპირობებულია რიგი ფაქტორებით, რომელიც ჩვენმა ბიზნესმა და ეკონომიკამ უნდა გადალახოს. იმედი მაქვს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ციფრები შეიცვლება.

სამწუხაროდ, ჩვენი ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ გადაერთო ევროპული მიმართულებით. სრული დატვირთვით არ მუშაობს. ევროპულ ბაზარს აქვს მოთხოვნილება, სტანდარტები, შესაბამისობები, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს. ამასთან, შესაძლოა, უწყვეტობის თემა იყოს, რასაც ითხოვს ევროკავშირის ბაზარი.

ზოგადად, მე ასეთი ხედვა მაქვს, ევროპულ ბაზარს, რომელიც რეგულირებადია და სტანდარტების შესაბამისად ითხოვს თანამშრომლობას, უპირისპირდება დსთ-ს ბაზარი, სადაც პრაქტიკულად, არავითარი სტანდარტი და განსაკუთრებული მოთხოვნა არ არსებობს. ერთგვარი ცდუნების ქვეშაც არის ბიზნესის სხვადასხვა სექტორი, მათ შეუძლიათ ყოველგვარი ბარიერების, სირთულეების, სერტიფიცირების, სურსათის უვნებლობის და სხვა მოთხოვნის გარეშე გადალახოს ეს ბარიერები და შევიდნენ ბაზარზე. რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი ცდუნებაა, მაგრამ თუ დივერსიფიკაცია არ მოხდა ჩვენი ბიზნესის მხრიდან და არ გადავერთეთ ევროპულ ბაზარზე, შედეგი იქნება სავალალო. ის ბაზრები, რომელიც დღეს ჩვენ ბიზნესს ათვისებული აქვს უფრო მარტივად, ის არ არის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ბაზრები, არ არის მომგებიანი პირველ რიგში სტაბილურობისთვის. ამ დროს ბიზნესი ყოველთვის არის სტაბილურობის და ერთგვარი განჭვრეტის მიმართულებით მომუშავე ორგანიზმი“,- განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.

ნინი ქეთელაური