ერთსა და იმავე პროდუქტში ქალები უფრო მეტს იხდიან, ვიდრე მამაკაცები

ქალები წლის განმავლობაში 1,351 დოლარით მეტს იხდიან იმავე პროდუქტების სანაცვლოდ, რომელსაც მამაკაცებიც ყიდულობენ

მიუხედავად იმისა, რომ ქალებისთვის განკუთვნილი ბევრი პროდუქტი სრულებით არ განსხვავდება მამაკაცებისთვის განკუთვნილი იმავე სახეობის პროდუქტისგან, ქალბატონებს უფრო მეტის გადახდა უწევთ.

გამოცემა ”ბიზნეს ინსაიდერის” ინფორმაციით, სქესის გამო განსხვავებული ფასების ფენომენი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ”ვარდისფერი გადასახადები”, პირველად 1995 წელს დამკვირდა. სწორედ მაშინ კალიფორნიის შტატში ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ქალები წლის განმავლობაში 1,351 დოლარით მეტს იხდიან იმავე პროდუქტების სანაცვლოდ, რასაც მამაკაცებიც ყიდულობენ. კალიფორნიის შტატის ხელისუფლებისთვის ეს იმდენად მოულოდნელი შედეგი აღმოჩნდა, რომ კალიფორნია პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შტატია, სადაც  დისკრიმინაციული ფასები აიკრძალა.

გამოცემის ცნობით, მაგალითად კომპანია ”შიკის” ერთი და იგივე პროდუქტი, საპარსი ”ჰიდრო 5” ქალებისთვის 1,41 დოლარით მეტი ღირს, ვიდრე მამაკაცებისთვის. კომპანია Neutrogena-ს ნაოჭსაწინააღმდეგო კრემში კი ქალბატონები 1,07 დოლარით მეტს იხდიან, ვიდრე მამაკაცები. კომპანიის ცნობით კი, ქალებისა და კაცების კრემიც ერთი და იმავე ინგრედიენტებისგან არის დამზადებული.

Neutrogena-ში ფასთა შორის სხვაობას ბევრი ფაქტორით ხსნიან, მათ შორის განსხვავებული შეფუთვით.

”ბიზნეს ინსაიდერის” ცნობით, აშშ-ის ბაზარზე უნისექსი ფასით გამოირჩევა კომპანია American Apparel-ის პერანგები, რომელიც 74,99 დოლარი ღირს ორივე სქესისთვის.

”თუმცა, თუ ამ პერანგის ქიმწმენდაში ჩაბარება მოგიწევთ, აღმოაჩენთ, რომ ქალბატონებს 6 დოლარის გადახდა მოუწევთ, მაშინ როცა მამაკაცები მხოლოდ 5,75 დოლარს იხდიან”, - წერს ”ბიზნეს ინსაიდერი” და ქალბატონებს ურჩევს, ყოველთვის ნუ შეიძენენ ვარდისფერ პროდუქტს, თუ ეს მათ ჯიბეზე ნეგატიურად აისახება.