"მნიშვნელოვანია დაიწყოს საპენსიო ასაკის გასაზრდელად მუშაობა საზოგადოებრივი ცნობიერების მოსამზადებლად" - IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) მიაჩნიათ, რომ პენსიონერების მზარდი რაოდენობის ფონზე ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია დაიწყოს საპენსიო ასაკის გასაზრდელად მუშაობა საზოგადოებრივი ცნობიერების მოსამზადებლად.

ეს ორგანიზაციის კვლევის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომელიც ქართული საპენსიო რეფორმის მომავალს მიმოიხილავს.

,,არსებული მწირი ფისკალური რესურსის პირობებში საქართველოში პენსიონერების რაოდენობის და, შესაბამისად, პენსიის როგორც ბიუჯეტის ხარჯების წილის მნიშვნელოვანი ზრდა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტაციას.

საქართველოში საპენსიო ასაკის ზრდა არ იწვევს ისეთ წინააღმდეგობას, როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, მაგ. საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით[9], კითხვაზე რამდენად მიზანშეწონილია საპენსიო ასაკის გაზრდა, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, რომ დაზოგილი საბიუჯეტო, ისევე როგორც მოქალაქეთა მიერ დაგროვილი თანხები მოხმარდეს ეკონომიკის ზრდას, რესპონდენტთა 27.9% არ ეწინააღმდეგება საპენსიო ასაკის გაზრდას, 72.1% კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მაშინ როცა, მაგალითად, საფრანგეთში მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება მაკრონის საპენსიო რეფორმას, რაც ასაკის 62-დან 64 წლამდე ზრდას ითვალისწინებს" - წერია ორგანიზაციის კვლევაში.

IDFI-ის რეკომენდაციებს შორისაა: საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით კიდევ უფრო გაფართოვდეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი და გონივრულობის ფარგლებში გაიზარდოს განთავსების რისკიანობა;

გაიზარდოს ან გაუქმდეს უცხოურ აქტივებში ინვესტიციებზე ზღვარი;

მომზადდეს გადაწყვეტილება, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს შეუწყდეთ სოციალური (საბაზო) პენსია, თუ მათი დანაზოგი გარკვეულ ზღვარზე მაღლაა;

თამარ მუკბანიანი