რა შემოსავალი აქვს „გალფს“, რომელიც რუსეთიდან საქართთველოში ნავთობის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ 5 კომპანიას შორისაა

რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ქართულ ბაზარზე რუსული ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტის წილი 70%-მდე გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში განხორციელდა 162,746 მლნ დოლარის ღირებულების (204,362 ტონა) ნავთობპროდუქტების იმპორტი, რაშიც რუსული პროდუქტის წილი სულ რაღაც 14% იყო. შარშან 2 თვეში რუსეთიდან შემოვიდა 23,128 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები (29,739 ტონა).

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ მსოფლიოში 158,355 მლნ დოლარის ღირებულების (196,491 ტონა) ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა, აქედან რუსეთში 108,575 მლნ დოლარის (149,195 ტონა) ანუ მთლიანი იმპორტის 68,5%.

რუსეთიდან საქართველოში საწვავი ბაზარზე მოქმედ თითქმის ყველა კომპანიას შემოაქვს. Top5 იმპორტიორ კომპანიებს შორის არის „სან პეტროლიუმ ჯორჯიაც“, რომელიც „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებს ფლობს.

„სან პეტროლიუმ ჯორჯია“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს კომპანიამ 706,045 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო (2020 წელს - 481,446 მლნ ლარი). წმინდა მოგებამ კი 19,110 მლნ ლარი შეადგინა (2020 წელს - 1,884 მლნ ლარი).

ამასთან, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები შეადგენს 263,386 მლნ ლარს, კაპიტალი კი 71,716 მლნ ლარს.

ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის 31 დეკემბრისთვის კომპანია საქართველოს მასშტაბით სულ ამუშავებდა 147 ბენზინგასამართ სადგურს. კომპანიაში დასაქმებული იყო 1 627 ადამიანი.

იხილეთ ასევე:

ვის შემოაქვს რუსეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით საწვავი - Top-5 კომპანია