2 წელია ეს კარტელი არსებობს, რაც მომხმარებელს უძვირებდა პროდუქტს - უჩა სეთური გარიგების პირველ პრეცედენტზე მედიასივრცეში

დაახლოებით ორი წელია ეს კარტელი არსებობს, რაც მომხმარებელს უძვირებდა პროდუქტს - ასე ეხმაურება მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კარტერული გარიგების საფუძველზე 6 მაუწყებლის დაჯარიმების ფაქტს. უჩა სეთური რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" ამბობს, რომ დაჯარიმება აუცილებელი, თუმცა დაგვიანებული იყო.

„ამაზე არაერთხელ ითქვა ღიადაც, სურათი იყო ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სიტუაცია იყო შემდეგი, ტრანზიტორი კომპანიები ყიდულობენ კონტენტს, საავტორო უფლებებს იმისთვის, რომ ჩასვან შესაბამის პაკეტებში და შემოგვთავაზონ კალათებით. მათ შორის საუბარი იყო, როგორც მაღალრეიტინგულ არხებზე, ისევე არხებზე, რომელიც მაყურებლის დიდ ნაწილს უბრალოდ, არ აინტერესებს. თუმცა მომხმარებელი ვალდებული იყო, რომ იგივე ,,იმედთან", ,,მთავარ არხთან" და სხვა, რეიტინგულ არხებთან ერთად ეყიდა მაგალითად ,,მარაო", რადგან სხვაგვარად, მისთვის საინტერესო კონტენტსაც ვერ შეიძენდა ცალკე. გარდა იმისა, რომ მომხმარებელი იძულებული იყო ეყიდა ის, რაც არ სჭირდება, პაკეტზე მოთხოვნილი ფასი იყო იგივე, რაც ძალიან მაღალრეიტინგული გასართობი პროგრამების პაკეტი. მაღალი ფასი ამ შემთხვევაში აჩენდა დამატებით კითხვებს.

უფრო ნათლად რომ განვმარტოთ, თუ თქვენი არხი იყიდება ცალკე, მე მოვალ და შესაბამის პირს დაველაპარაკები, რა დამიჯდება ,,პალიტრის" გავრცელება, ჩემი არჩევანია, მივიღებ თუ არა შემოთავაზებულ ფასს, ამ შემთხვევაში კი, ამის საშუალება არ იყო და ამაში მდგომარეობდა კარტელის შინაარსი. მომხმარებლისთვის ეს აძვირებდა პროდუქტს.

დაახლოებით ორი წელია ეს კარტელი არსებობს და ტელევიზიები დაჯარიმდნენ სიმბოლური თანხით 1 000 - 1 000 ლარით. ჩვენი მოსაზრებით, უნდა არსებობდეს ალტერნატიული შეთავაზებები, რათა იძულებით არ გვიწევდეს არხების ყიდვა. დაგვიანებით, მაგრამ კომისიის მხრიდან ეს ნაბიჯი გადადგმულია. შედეგს, დრო გვაჩვენებს", - განაცხადა სეთურმა ,,საქმეში".

შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისიამ “მაგთიკომის”, “სილქნეტის”, “ახალი ქსელების” და “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” საჩივრების საფუძველზე, „მედია რაითს ჯორჯიას“, “ტელეიმედის”, “მთავარი არხის”, “ტელეკომპანია პირველის”, “პოსტვ”-ის, “ფორმულას” და “მედია ჰოლდინგის” მიერ “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებას ან შეთანხმებულ ქმედებას, ე.წ. “კარტელურ გარიგებას” გულისხმობს და კანონის დამრღვევი მაუწყებლები სიმბოლური თანხით - 100-100 ლარით დააჯარიმა. საქმის პრეცედენტულობიდან გამომდინარე, ვინაიდან კომისიამ “კონკურენციის შესახებ” კანონით პირველად განიხილა საქმე, ჯარიმის ოდენობა სიმბოლური თანხით განისაზღვრა.

თამარ მუკბანიანი