კრემლი რუსეთის ირანთან ბარტერს ადასტურებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოსკოვი და თეირანი ბარტერულ გარიგებას ”ნავთობი საქონლის სანაცვლოდ” მოახდენენ.

”ბიბისის” ცნობით, ბარტერის რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას უარყოფდა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ირანთან გარიგების რეალიზება უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, ირანიდან რუსეთში ნედლი ნავთობის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი მარცვლეულს, ტექნიკასა და სამშენებლო მასალებს მიაწვდის. ამასთან ერთად, ეს ქმედებები არ ეწინააღმდეგება ირანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს.

თავის მხრივ, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ირანი ამ ეტაპზე რუსეთს ნავთობს არ აწვდის.

ირანსა და რუსეთს შორის არსებულ კიდევ ერთ გარიგებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. ამჯერად საქმე ეხება რუსეთის მიერ ირანისთვის საზენიტო სარაკეტო კომპლექს С-300-ის შესაძლო მიყიდვის შესახებ გარიგებას, რომელთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირიც.

”უნდა გავითვალისწინოთ, რომ С-300 თავდაცვითი იარაღია და მისი გამოყენება არ მოხდება სხვა სახელმწიფოსთვის ზარალის მიყენების მიზნით. С-300 უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გამოიყენება”, - აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავკაცმა ნიკოლაი პატრუშევმა.