ვის ეკუთნის top-10 კომპანია, რომელმაც წელს სახელმწიფო ქონება ყველაზე ძვირად შეიძინა

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა წარმატებით შეასრულა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ, ვის ეკუთნის top-10 კომპანია, რომელმაც წელს სახელმწიფო ქონება ყველაზე ძვირად შეიძინა.

ქალაქ თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 4.3 მლნ ლარად სს ჩაჩავას კლინიკამ შეიძინა - სააქციო საზოგადოებას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე ასევე საბჭოს წევრი დავით შველიძეა. თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან გოცირიძე. საბჭოს წევრია როზა ობოლაძე. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი მარინე გელანტია.

რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 130241.00 კვ.მ. და 26436.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 3.1 მლნ ლარად შპს ჯეოსთილის საკუთრება გახდა - კომპანია 2006 წელს დარეგისტრირდა. მისი 90% ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Georgian Steel Group Holdings Limited-ს ეკუთვნის, 10% კი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება JSW Steel (Netherlands) B.V, BV1447108-ს.

თბილისში, დიდ დიღომში, არსებული 3179.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა 1.3 მლნ ლარად კერძო პირმა გივი შავერდაშვილმა შეიძინა.

თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 3570.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1.9 მლნ ლარად შპს გიო 2010-მა შეიძინა - კომპანიის წილის 100%-ს გია გელიაიძე ფლობს.

თბილისში, ევროპის ჩიხი N2-ში მდებარე 11672.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1.9 მლნ აშშ დოლარად შპს ჯი-თი გრუპ-მა შეიძინა - კომპანიის წილის 33-33%-ს გიორგი თავდიშვილი და გია უსტიაშვილი ფლობენ, 34%-ის მფლობელი კი, გიორგი გველესიანია.

თბილისში, მარატ ნოზაძის ქუჩაზე მდებარე 2545.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა 1.5 მლნ ლარად დავითი ჯიმშელაძემ შეიძინა.

თბილისში, მოსკოვის გამზირზე არსებული 6357.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1- N3 შენობა-ნაგებობები 1.1 მლნ ლარად შპს ჯეოვოის-მა შეიძინა -კომპანიის წილის 100% თეონა ბერაძეს ეკუთვნის.

რუსთავში, დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული 53222.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა 1.1 მლნ ლარად შპს ჯეოსთილ-მა შეიძინა - კომპანიას 16 ადამიანისაგან შექმნილი დირექტორთა საბჭო და საერთო კრება მართავს. დირექტორთა საბჭოს კი, გენერალური დირექტორი, ინდოეთის მოქალაქე ბალაკრიშნან საჯივი ხელმძღვანელობს.

თბილისში, ლიბანის II ჩიხის მიმდებარედ არსებული 3529.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 477 ათას ლარად შპს ენსომ შეიძინა - კომპანიის წილის 100% მიხეილ თავაძის საკუთრებაა.

თბილისში, ჭირნახულის ქუჩა N16-ში (ნაკვეთი 03/022) მდებარე 11408.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1. 027 მლნ ლარად შპს ფრანკო-მ შეიძინა - კომპანისს 33-33% აბილახ მურადოვის და თემურ შუკაკიძის საკუთრებაა, 34%-ის მფლობელი კი რობერტი მაშაევია.

ინფორმაციისთვის, სააგენტოს ცნობით, საანგარიშგებო პერიოდში, 2023 წლის პირველ კვარტალში სააგენტომ უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვის შედეგად ჯამში 46 336 281 ლარის მობილიზება მოახდინა, საიდანაც უძრავი ქონების საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული 28 000 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში 29 552 567 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო, შედეგად, პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ 667 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

თამარ მუკბანიანი