”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ზურაბ აბაშიძის ხარჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ზურაბ აბაშიძემ და მისმა კონსულტანტმა გიორგი ქაჯაიამ 2012 წლიდან დღემდე ჯამში 251,681 ლარის ანაზღაურება მიიღეს

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა საქართველოს მთავრობამ 2012 წლის ნოემბერში შექმნა, რომელზეც დიპლომატი ზურაბ აბაშიძე დაინიშნა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაინტერესდა, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული სპეციალური წარმომადგენლის მუშაობა და ინფორმაცია მთავრობის კანცელარიისგან გამოითხოვა. მათი ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძემ და მისმა კონსულტანტმა გიორგი ქაჯაიამ 2012 წლიდან დღემდე ჯამში 251,681 ლარის ანაზღაურება მიიღეს, აქედან 187,681 თავად ზურაბ აბაშიძის ანაზღაურება იყო, ხოლო 64,000 – კონსულტანტის. საშუალოდ, ზურაბ აბაშიძის ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 6,500 ლარია.

კანცელარიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2012 წლიდან დღემდე სპეციალური წარმომადგენლის სასტუმროს ხარჯებმა სულ 54,690 ლარი შეადგინა.